რუმინეთი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს

რუმინეთი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კიევში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საერთო ღირებულებების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის შესაქმნელად აუცილებელია.

„ჩვენ ვართ ევროპის ისტორიის გარდამტეხ მომენტში. არაჩვეულებრივი დრო მოითხოვს არაჩვეულებრივ, სტრატეგიულ და ვიზუალურ პასუხებს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოსთვის, მომავალ კვირას, ევროსაბჭოში, აუცილებელია ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის შესაქმნელად. ეს გადაწყვეტილება ბევრს მეტყველებს ჩვენს შესაძლებლობებზე, შევქმნათ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში. ყოყმანის დრო არ გვაქვს. ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა დაეხმარონ მათ მდგრადობის ჩამოყალიბებაში და ერთდროული გამოწვევების ფართო სპექტრის დაძლევაში, იქნება ეს ჩვეულებრივი თუ ჰიბრიდული. ბატონო ზელენსკი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ აქ ერთად ვართ, რადგან ვიცით, რომ ჩვენი მოვალეობაა ვიმოქმედოთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა შევინარჩუნოთ ეს იმპულსი და დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ახალი მომავლის აშენებაში“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები