ანდრია ჯაღმაიძე: მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა
მაკვირვებს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც დეკანოზი აღნიშნავს, პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, მისთვის ცნობილი ჟურნალისტის ზარის შემდეგ გახდა.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული.
მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა.
პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ.
დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი:
– დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი“, – წერს დეკანოზი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. აღნიშნულის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა.