უნიკალური აგრონომიული პროექტი – სუპერ ინტენსიური დაფნის ბაღები ხონის მუნიციპალიტეტში
ცოტამ თუ იცის, რომ დაფნის მოყვანა, რომელსაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვიყენებთ, არც ისე მარტივია. დაფნის პლანტაციები ბუნებრივად მოიპოვება ეგეოსის, ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ამ მცენარეს ჯამში 74 ქვეყანა აწარმოებს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის ლიდერი ქვეყნებია ინდოეთი და თურქეთი.
FAO-ს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს, დაფნის წარმოების მოცულობის მიხედვით, მსოფლიოში მე-17 ადგილი ეკავა. ამ მცენარის წარმოება როგორც კომერციული საქმიანობა, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალ დონეზეა და ამ მიმართულებით სულ რამდენიმე კომპანია მუშაობს.
რეალურად კი, დაფნის პლანტაციის გაშენება, სწორი დაგეგმარებითა და აგრონომიით, საქართველოშიც, განსაკუთრებით კი დასავლეთ ნაწილში სავსებით შესაძლებელია. ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ მიერ განხორციელებული პროექტია – სუპერ ინტენსიური დაფნის ბაღის გაშენება

სუპერ ინტენსიური დაფნის ბაღი „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ უნიკალური პროექტია. დაფნის პლანტაცია იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში ჰექტარზე გაშენდება. მსგავსი მასშტაბის კომერციული დაფნის ბაღის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.
„დაფნის ბაღს 82 ჰექტარზე გავაშენებთ. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ, აქვე ავაშენოთ გადამამუშავებელი ქარხანა, რათა პროდუქტი გავამზადოთ ექსპორტისათვის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. დაფნის ბაღის გაშენების პროცესი საკმაოდ შრომატევადია. მოსამზადებელი პერიოდი იყო რთული, თუმცა, „აგრო სოლუშენს ჯგუფთან“ ერთად მოვახერხეთ და იდეა სისრულეში მოვიყვანეთ,“ – აცხადებს დავით კაკაბაძე, კომპანია “B&N”-ის დამფუძნებელი.
პროექტის მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ რთული და კომპლექსური იყო. პირველ რიგში, მომზადდა საინვესტიციო გეგმა. ექსპერტების ჩართულობითა და დამკვეთთან შეთანხმებით, დეტალურად განისაზღვრა არაერთი საკითხი, მათ შორის: მთლიანი ფართობის რუკები და სქემები, ბაღში ჩასატარებელი ღონისძიებები და ვადები, საჭირო ტექნიკისა და დანადგარების დეტალური დახასიათება, საწარმოს სერტიფიცირების პროცედურები, დროში გაწერილი ყველა საკითხის ხარჯთაღრიცხვა და ა.შ.
სუპერ ინტენსიური დაფნის ბაღის გაშენების ყველა ეტაპზე, აქტიურად იყვნენ ჩართულები „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ აგრონომები და საველე მენეჯერები. მომსახურების ფარგლებში, აგრონომიული და საირიგაციო მიზნებისათვის, გეოინფორმაციული (GIS) სისტემის გამოყენებით, განხორციელდა მთლიანი ფართობის პროექტირება.
„სანამ ბაღის გაშენების პროცესს დავიწყებდით, დამკვეთთან ერთად დაწვრილებით განვიხილეთ ყველა დეტალი. ბაღის გაშენების პროცესი, საინვესტიციო გეგმის მომზადების შემდეგ, რა თქმა უნდა, მიწის მოსამზადებელი სამუშაოებიდან დაიწყო. ტერიტორია ხე-მცენარეებისგან გასუფთავდა და მოეწყო სადრენაჟე-საწრეტი არხები. გარდა ამისა, აუცილებელი იყო შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაც, რაც გულისხმობს შიდა გზებისა და ხიდების მოწყობას. საბოლოოდ კი, პირველი ეტაპის შედეგად, 25 ჰექტარზე, მულჩირების ფირზე ინტენსიური დაფნის ბაღი გაშენდა. შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ საქართველოში ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს,“ – აცხადებს „აგრო სოლუშენს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი დიანა ბერია.
ადგილობრივ ბაზარზე დაფნის ფოთლის მოთხოვნა და იმპორტი უმნიშვნელოა, ამიტომ ქვეყანა რეექსპორტს არ ახორციელებს. თუმცა, გაზრდილი საექსპორტო მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბაზარზე იზრდება მოთხოვნა ქართულ დაფნაზე და ქვეყანაში დაფნის სექტორს აქვს პოტენციალი, აწარმოოს ხარისხიანი საექსპორტო ნედლეული კონკურენტულ ფასად.
R