ლევან დავითაშვილმა სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გახსნა
ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანია „ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწარმო მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ წილკანში მდებარეობს და მისი მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კომპანია „ტიმეო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო.
„ამ ახალგაზრდებმა აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე დროში წარმატებული პროექტის კარგად ორგანიზება და პირველი მნიშვნელოვანი შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგეს. მოხარული ვარ, რომ მათ წარმატებაში სახელმწიფოსაც თავისი წვლილი აქვს და კომპანიამ პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განავითარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ხელს უწყობს რეგიონში დასაქმებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად, დაახლოებით, 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. უმაღლესი სტანდარტების ქარხანას, მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერტიფიკატი. საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივები.
წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე გაიტანს საფრანგეთში. კომპანია ტიმეო-მ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანიასთან, რომლის საფუძველზეც კომპანია „ესკალი“, რომელიც ფრანგულ ბაზარზე მოლუსკების და თევზეულობის მხრივ უპირობო ლიდერია, მთლიანად შეისყიდის ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით სულ დაფინანსებულია 65 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 200 მილიონ ლარამდეა, დასაქმებულთა რაოდენობა კი 1 230-ია.