“ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საჯარო სექტორი კვალიფიციური კადრებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს“ (ვიდეო)

  5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება კონკურენტუნარიანი, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური თაობა, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “დიასპორული სტაჟირების” პროგრამის მონაწილე სტუდენტებს. მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საჯარო სექტორის განვითარების ახალი კონცეფციის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საჯარო სექტორი კვალიფიციური კადრებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.
”ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა პირობა, რომ განათლებულ, კვალიფიციურ თაობას დავახვედროთ შესაფერისი პირობები მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და მათი რესურსის სამშობლოსთვის გამოყენებას ისახავს მიზნად ჩემი ინიციატივით დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი,რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს აფინანსებს. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ მიღებულ ცოდნას თავიანთ სამშობლოს მოახმარენ და სწავლის დასრულების შემდეგ საჯარო სექტორში იმუშავებენ”,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს პირადად აკონტროლებს. პრემიერის შეფასებით, ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის სამოქმედო გეგმა. მან სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შესახებ, რომელიც მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, გასულ წელს სოფლის მეურნეობაში 400 მილიონის ინვესტირება მოხდა, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო.
” შეიქმნა 74 ახალი საწარმო, ბევრი მცირე საწარმო გაფართოვდა და განახლდა. სოფლის მეურნეობის აღორძინებაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია”, -აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, გარდა ამისა, ხელისუფლებამ შეიმუშავა და დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა და განათლების განვითარების სტრატეგია.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=iw-I4L9xf1E” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები