ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა, დაღუპულია მესაზღვრე

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მესაზღვრეებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა, რომლის შედეგად ტაჯიკელი წვევამდელი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Asia-Plus Telegram-ის არხზე ავრცელებს.

აღინიშნება, რომ სროლა გამთენიისას დასახლება კეხთან, ქალაქ ისფარადან 10 კილომეტრში მოხდა.

“დაღუპულია წვევამდელი. ამ წუთებში, საავადმყოფო დაჭრილების მისაღებად ემზადება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტაჯიკეთის ოფიციალურ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამავდროულად, ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში მომხდარის კომენტირებისას განაცხადეს, რომ ტაჯიკეთმა გამოიყენა ყუმბარმტყორცნები და ნაღმტყორცნები.

„დაახლოებით, 07:00 საათზე ტაჯიკეთის კეხის სასაზღვრო პუნქტიდან გასროლა მოხდა ყირგიზეთის ბულაკ-ბაშის მიმართულებით. საპასუხოდ, ყირგიზელმა მესაზღვრეებმა სროლა განახორციელეს“, – აცხადებენ სასაზღვრო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სროლის მიზეზების გასარკვევად მხარეთა სასაზღვრო წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვრის 970 კმ-დან 460-ზე ქვეყნებს შორის შეთანხმება არ არსებობს, რის გამო სახელმწიფოები დროდადრო კონკრეტულ ტერიტორიასთან დაკავშირებით პრეტენზიას აცხადებენ, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები