სოჭის მიმართულებით თვითმფრინავის გატაცების მცდელობისთვის 44 წლის ხარკოველი მამაკაცი დააკავეს

  ინტერნეტსივრცეში უკრაინის იმ მოქალაქის დაკავების ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა, რომელმაც წუხელ თურქეთიდან სოჭის მიმართულებით თვითმფრინავის გატაცება სცადა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 1969 წელს დაბადებული ხარკოვის მკვიდრია. მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და სტამბოლი-ხარკოვის რეისის შესრულების დროს ეკიპაჟს განუცხადა, რომ ბორტზე ნაღმი იყო დამონტაჟებული. იმ შემთხვევაში, თუკი ავიალაინერი გეზს სოჭის მიმართულებით არ აიღებდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდებოდა. 1615113_10151967730674779_986117275_nუკვე ცნობილია, რომ ხომალდზე 110 მგზავრთან ერთად სამი პილოტი და ოთხი ბორტგამცილებელი იმყოფებოდნენ. უცხოური მედია წერს, რომ მამაკაცმა პილოტის კაბინაში შეღწევაც სცადა, თუმცა ეკიპაჟის წევრებმა ღილაკის: „SOS“ ჩართვა მოასწრეს, შესაბამისად, მათ შემთხვევის შესახებ თურქეთის უსაფრთხოების სამსახურს შეატყობინეს. სამართალდამცავების ჩარევის შედეგად, „პეგასუსის“ კუთვნილი ავიალაინერი –  „ბოინგ 737-800“ სტამბოლის გოკჩენის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ადგილობრივმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოველი მამკაცის დაკავება უმტკივნეულოდ შეძლეს. ცნობილია, რომ სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმფრინავის ბორტზე ვერ აღმოაჩინეს. შემთხვევის შედეგად არც ერთი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი არ დაშავებულა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის ტრანსპორტის პროკურატურაშიც აღიძრა. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები