„ჩიხურას“ მატჩის დროს მომხდარმა ინციდენტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯიც დააზარალა“
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, ბაქოში საჩხერის „ჩიხურას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ორგანიზაციების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ბაქოში მომხდარი ფაქტი სირცხვილია არა მხოლოდ ქართული სპორტისთვის, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და მისი საერთაშორისო იმიჯიც დააზარალა.
„კვირა“ ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ვეხმაურებით საჩხერეს “ჩიხურას” უკანასკნელი მატჩების დროს მომხდარ ინციდენტებს, რამაც ჩრდილი მიაყენა არა მხოლოდ ქართულ სპორტს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და მისი საერთაშორისო იმიჯიც დააზარალა. 2014 წლის 24 ივლისს, თბილისში, ლოკომოტივის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და თურქეთის “ბურსასფორს” შორის ევროპის ლიგის შესარჩევი მატჩი გაიმართა, რა დროსაც გამარჯვების მომტანი გოლის ავტორმა ფეხბურთელმა თორნიკე მუმლაძემ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა თურქ გულშემატკივარს. აღნიშნულს მოყვა გუნდების გულშემატკივრების, ფეხბურთელების და. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლების დაპირისპირებაც. იმავე მატჩის მსვლელობის დროს ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა ნაცისტური მისალმებითა და დროშით ანტითურქული გამოსვლაც მოაწყო. ზემოაღნიშნულის გამო, უეფამ საჩხერის გუნდს სანქციები დაუწესა – ქართული კლუბი 15 ათასი ევროთი დაჯარიმდა, მომდევნო შეხვედრებზე კი სტადიონის ტრიბუნები დახურული იქნება.
ერთი კვირის შემდეგ, იმავე გუნდის თამაშის დროს ნაციონალისტურ ნიადაგზე მაპროვოცირებელი ნიშნების შემცველი ქმედება კვლავ განხორციელდა: 31 ივლისს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილ საქართველოს რუკაზე აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილიც იყო დატანილი. მართალია აღნიშნულის გამო, მოგვიანებით, “ჩიხურას” პრეზიდენტმა ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილ ინციდენტებზე, თუ საქართველოს სპორტის მინისტრის ლაკონურ კომენტარს არ ჩავთვლით, უეფას სანქციები ერთადერთი ოფიციალური პასუხი აღმოჩნდა, არც ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც საკუთარ ინტერნეტგვერდზე “ჩიხურას” 24 ივლისის გამარჯვებას “გმირულს” უწოდებს და არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პასიურობა მიანიშნებს, რომ თავდაპირველად მომხდარ ინციდენტზე მათი რეაქცია სუსტი და არასათანადო იყო, რის გამოც გაცილებით საშიში და ქვეყნისთვის საფრთხილო პროვოკაციის მომსწრენი გავხდით. ასეთი მიდგომა, ჩვენი აზრით, შემდგომშიც წაახალისებს იმავე ხასიათის ქმედებებს, როგორც ფეხბურთელების, ასევე მათი გულშემატკივრის მხრიდან. ასევე, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ლოკომოტივის სტადიონზე გამართულ მატჩს ესწრებოდნენ, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად, კერძოდ კი, დაუყოვნებლივ უნდა აღეკვეთათ ნაცისტური გამოსვლები, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული საშუალებებით უნდა ემოქმედათ. მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სერიოზულად მოეკიდოს სპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას გამოვლენილ დისკრიმინაციულ ქმედებებს და შესაბამისი სანქციები დაუწესოს ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებსა და კლუბებს. მოვუწოდებთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური შეფასება მისცეს ზემოთ აღწერილ ინციდენტებს და სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან ერთად პრევენციული ღონისძიებები გაატაროს მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ეთნიკური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე და შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს მომავალში დისკრიმინაციის საჯარო გამოვლინებების, ასევე, სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების პრევენციისა და აღკვეთისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“- GDI
„მედიის განვითარების ფონდი“- MDF
„იდენტობა“
„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“- TDI
„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“- GRASS
„საფარი“
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“- EMC
„უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი“- ECMI
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“