დავით ქართველიშვილი: ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აკერმანისეულ მძევლობაში ნულის ტოლია

„დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში ნულის ტოლია. რა თქმა უნდა, ამ მძევლობაში თავის შეყოფა არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და, რა თქმა უნდა, უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია“, – წერს ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„მსოფლიო მართლწესრიგის მოძველებული, მახინჯი და თვითლიკვიდაციისაკენ მიმართული კონტურები უკვე მკაფიოდ გამოაშკარავდა, ხოლო ახალი არქიტექტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რომლის თვითმხილველი და მონაწილე საქართველოც არის. დავოსში ჩატარებულმა ფორუმმა ამ მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგო პოლუსებზე მყოფი ორი ლამის ასწლოვანი “მასტოდონტი” – ჯორჯ სოროსი და ჰენრი კისინჯერი კიდევ ერთხელ დაუპირისპირა ერთმანეთს. აქედან ეს პირველი – დამანგრეველი, მცირევადიანი ეფექტის მქონე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალი დამარცხებისკენ განწირული იდეოლოგიის პოლიტიკურ იარაღად გადაქცევის ავტორია, რომლის პროექტები: სერბიაში, ბოლივიაში, საქართველოში, ბელარუსსა და უკრაინაში მართალია, გარდამავალი შუალედური “წარმატებით” და ამ ქვეყნებში ამა თუ იმ მასშტაბის ტრაგედიების გამოწვევით, მაგრამ მაინც კრახით დაგვამახსოვრეს თავი. ერთ-ერთი უკანასკნელი ამჟამად უკრაინაში ვითარდება. დღეს ამ იარაღის მძევლობის ქვეშ იმყოფება აშშ-ის მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთარ ქვეყანაში ამ ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაციას. დღეს ამ ძალების მძევლობის ქვეშ არის აყვანილი ევროკავშირის დიდი ნაწილი, რისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოხატულება იყო საქართველოსთან მიმართებით მიღებული რეზოლუცია, როდესაც პოლიტიკური გათვლა, პრაგმატიზმი და მიზანშეწონილობა ზვარაკად იქნა შეწირული ამ მახინჯი, რეალ-პოლიტიკისაგან დაშორებული, იდეოლოგიური “გველეშაპის” სასარგებლოდ. დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში ნულის ტოლია. ამ მძევლობიდან გათავისუფლებას დღეს მოულოდნელად ელის ამერიკის საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ამ მძევლობიდან გამოსვლა ევროპის სასიცოცხლო ინტერესებში შედის და ამისკენ მოუწოდებს, ფაქტობრივად, EU-ს რომის პაპი ფრანცისკი. და, რა თქმა უნდა – ამ მძევლობაში თავის შეყოფა არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და, რა თქმა უნდა – უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ამისთვის ეს საერთაშორისო “მეტასტაზა” – ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით – ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული! მაგრამ მინდა, ამერიკელი და ევროპელი “მძევლები” და ჩვენი სიტუაციური ძმებიც ვანუგეშო – მსოფლიო ახალი მართლწესრიგი სულ მალე ჩაანაცვლებს ამ სიმახინჯეს, სწორედ ამაზე საუბრობდა დავოსში 100 წლის ბრძენი კისინჯერი, ხოლო ჩვენ აქ, საქართველოში ამის შესახებ სულ სხვა, გაცილებით უფრო სანდო, ზეციური წყაროებიდან ვიცით“, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები