ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო გამოწვევების ფონზე, ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა
საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით.
„მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და განახლებული ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ზოგად ვითარებას, სტაბილურობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში. საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. ეს აღსანიშნავია განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა.
ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცენდენტო დღეს, ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში. 14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და ოთხ თვეში 10,8% ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც იშვიათობაა. ამ ყველაფერს ემატება ის პოზიტიური მაჩვენებლები, რომლებსაც მოგახსენებთ. საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კიდევ ერთი დადებითი ინფორმაცია, რაც მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა: რეგიონში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა 568 მილიონი დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდი. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი გამოწვევები არის მთელ მსოფლიოში, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ტურიზმი იზრდება, ეკონომიკა იზრდება. ჩვენ ის პროგნოზები რაც გვქონდა, ისევ მოკრძალებული პროგნოზები გვაქვს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მთელი ბიზნეს სექტორი არის მოტივირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი სწორად აღიქვამს ამ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შექმნა ქვეყანაში და სწორი პოლიტიკის გატარების შედეგია ეს ყველაფერი.
ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება რომ მიგვეღო და მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში. ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რამე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აქ ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა. ამას ემატება ის, რომ ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება. ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია რა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს. რას ნიშნავდა, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში.
ვინმეს საერთოდ ახსენდება, ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ 4 მილიონი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ”, – განაცხადა პრემიერმა.