რა პრეტენზიები აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს გაზეთ “პრაიმტაიმთან“?
გაზეთ “პარიმტაიმში“ სოდის ყოფილი უფროსის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით: “რა იმალება და ვინ დგას ძებნილი გენერლის ტელეაღსარების უკან“, – ჟურნალისტი, კოდუას მეუღლე ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება.
“კვირა“ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “გაზეთი „პრაიმტაიმი“ რომ არის! „ნაციონალების“ შექმნილი გაზეთი. ისინი რომ აფინანსებდნენ!! ეკა ბესელიას პირადს, ბერაზე მარაზმებს და ცელულიტებს რომ განიხილავდა (ყდები ხო არ შეგახსენოთ) და დღეს რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ფსევდონიმით წერს! ბოდვას არ მორჩება და სასამართლოში სარჩელს მიიღებს! მაინც რომ იცოდეს… და, სამწუხაროდ, ის გაზეთი რედაქტორთან ნაცნობობის გამო მეც რომ ვაპიარებდი:) Tamar Gortamashvili ფხაკაძეს გადაეცი! ცუდად მიცნობს! რაც უნდა ისე წეროს! ნუ ბოდავს უბრალოდ! მორჩეს! მორჩეს ფულის და კეთილდღეობის გამო ზღაპრების მოგონებას! თორემ აქამდე ქუთოს თუ ვითვალისწინებდი, მაგასაც არ გავითვალისწინებ და მოუწევს სასამართლოში ტყუილებზე პასუხის გაცემა“! – წერს ნანუკა ჭორჟოლიანი.
“კვირა“ უცვლელად გთავაზობთ სტატიას, რომელიც გაზეთმა “პრაიმტაიმმა” გამოაქვეყნა:
„რა უნდა ქნას ხალხმა, როდესაც ერთსა და იგოვე ფაქტზე უდევს ორი „სამართლე“? თანაც უბრალოდ სხვადასხვა ხელისუფლების პოლიტიკური პოზიციის სახით კი არა, ორი მრავალტომიანი სისხლის სამართლის საქმის სახით.. ერთ შემთხვევაში დანაშაულში იმხილება პრეზიდენტობის კანდიდატი, მეორე შემთხვევაში კი – ის პრეზიდენტი, რომელმაც „პრეზიდენტობის კანდიდატი“ დანაშაულში ამხილა. პირველ შემთხვევაში „მთავარი დამნაშავე“ გარდაცვლილია, მეორე შემთხვევაში კი მთავარი დამნაშავე ხდება ის, ვინც გარდაცვლილი დამნაშავე დაადანაშაულა“… პირველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეს ჰქვია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მეორე საქმის პირობითი სახელი კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის ფალსიფიკაციაა. ერთი სიტყვით, ძალიან რომ არ ჩავახუჭუჭოთ, ქრონოლოგიას მივყვეთ, რადგან სამართლებრივად შევაფასოთ 6 წლის წინანდელი და დღეს მიმდინარე პროცესები, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ტყუილი და მართალი და შევეცადოთ იმის დანახვას, ვინ და რატომ გვჩრის თვალებში ამ „სიმართლეებს“ ასეთი მონდომებით. ჯერ – დანაშაული, მერე – მტკიცებულება 2007 წლის დეკემბრის ბოლოს, მაშინ როდესაც ქვეყანაში „7 ნოემბერი“ უკვე მომხდარია, თავის გასამართლებლად სააკაშვილის პროკურატურა აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას საუბრის ჩანაწერს, რითაც ადასტურებს, რომ პატარკაციშვილი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.
ეს საუბარი ლონდონში 23 დეკემბერს შედგა, ანუ მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილის ტელევიზიაც დარბეულია და უამრავი ადამიანიც – რუსთაველის გამზირსა და რიყეზე… თუ ვინმე იტყვის, რომ მსგავსი ტიპის სხვა საუბრის ჩანაწერებიც ჰქონდა პროკურატურას – ვალერი გელბახიანს, მარინა გაბუნიასა (ყოფილი მოსამართლე. – მ.ნ.) და ერეკლე კოდუას შორის, ამაზეც გეტყვით, რომ ის 18 და 21 დეკემბერს შედგა და ლოგიკურად ვერ გახდებოდა ტელევიზიასა და ხალხზე თავდასხმის საფუძველი. ამდენად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯერ მოხდა დანაშაული ხელისუფლების მხრიდან და შემდეგ დაიწყო მისი გამართლებისთვის ახალი დანაშაულის შეფუთვა…
ახლა კი მივხედოთ მთავარ თემას, რამაც 7 წლის წინანდელი მოვლენები ახალი რაკურსით დაანახა საზოგადოებას: პირველ რიგში, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ის აჟიოტაჟი არ გამოუწვევია საზოგადოებაში, რაც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, ერეკლე კოდუას სკანდალურმა ინტერვიუმ გამოიწვია, რომელიც დიდი ნაწილის მიერ მის თვითლუსტრაციად იყო აღქმული. თუმცა ფაქტია, რომ ეს ორი განცხადება ერთმანეთს დროშიც დაემთხვა და კონტექსტითაც. ამდენად, საეჭვოა, რომ ეს დამთხვევა შემთხვევითი იყოს. სანამ კოდუას ნაამბობს უფრო დაწვრილებით განვიხილავდეთ, დასაწყისისთვის, ალბათ, ღირს იმის აღნიშვნაც, რომ საქმეში, სადაც დღეს ბრალდებულებად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი და უგულავა გვევლინებიან, არსად ჩანს კოდუა. არადა 2008 წლის სახალხო დამცველის, ანუ სოზარ სუბარის ანგარიშში, ეს უკანასკნელი კი დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი გამოკვეთილი სახეა, სწორედ კოდუას პასუხისგებაში მიცემის რეკომენდაცია გაიცემა.
გთავაზობთ ამონაწერს ამ ანგარიშიდან: რატომ ააცილეს ბრალეულობა ერეკლე კოდუას?
„2007 წლის 17 დეკემბერს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა, ერეკლე კოდუამ პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამირან მესხელს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას დაუკავშირდა ყოფილი მოსამართლე მარინა გაბუნია და სოლიდური თანხის საფასურად შეეცადა მის მოსყიდვას სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღე¬ბად. პატაკის საფუძველზე შსს-ს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა იმავე დღეს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე. სოდის დირექტორის მოადგილემ ე. როგავამ მიიღო დადგენილება – დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენა-დოკუმენტირებისა და აღკვეთის მიზნით, დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულ თანამშრომლად ჩართულიყო სოდ-ის დირექტორი ერეკლე კოდუა. 18 დეკემბერს მარინა გაბუნიას შუამავლობით ერეკლე კოდუა სამოქმედო გეგმის კონკრეტული დეტალების დასაზუსტებლად არკადი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსს ვალერი გელბახიანს შეხვდა. გელბახიანმა დაადასტურა, რომ პატარკაციშვილი მზად იყო, პირადად შეხვედროდა კოდუას. 2007 წლის 23 დეკემბერს ერეკლე კოდუა ლონდონში პატარკაციშვილთან ჩავიდა, სადაც საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგ¬მის დეტალები განიხილეს და ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები განსაზღვრეს. ერეკლე კოდუას მიერ (როგორც ოპერატიული მუშაკის) მტკიცებულებათა მოპოვება უნდა მომხდარიყო „ოპერატიულ-სამძებრო ღო¬ნისძიებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით – სასამართლო ბრძანების საფუძველზე. რადგან ეს წესი არ იქნა დაცული, ლონდონში მოპოვებულ აუდიოჩანაწერს არ შეიძლებოდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი ძალა. შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ზ. შანშიაშვილის მიერ, ნივთმტკიცებად ცნობის ნაცვლად, ის უნდა მიჩნეულიყო დაუშვებელ მტკიცებულებად და ამოღებულიყო სისხლის სამართლის საქმიდან. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, იმის გამო, რომ არ მოხდეს დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვალერი გელბახიანის ბრალდება, კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი არ დაედოს საფუძვლად ვალერი გელბახიანის საბრალდებო დასკვნას. ამავე დროს, ინგლისში კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის მოპოვებისას ერეკლე კოდუამ აშკარად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რამაც გამოიწვია არკადი პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა და შედეგად კანონდარღვევით მტკიცებულების მოპოვება.
ვინაიდან ერეკლე კოდუას აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ამ ფაქტზე“.
ერთი სიტყვით, კოდუა დღეს გამოძიებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ფარგლებში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, მაგრამ ამავდროულად, როგორც იტყვიან, სუფთად გამომძვრალი, რაც, ცხადია, სერიოზული ეჭვის საფუძველი გახდებოდა მისი თანაგუნდელებისთვის. როგორც ჩანს, სწორედ ამ ეჭვების გასაფანტად ის იძულებული ხდება (ან იძულებული გახადეს) მიეცა ეს „ტელეჩვენება“ იმ დროს, როდესაც მისგან ამას არავინ, უფრო სწორად, სამართალდამცავი ორგანოები არ ითხოვდნენ… არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ… კიდევ ერთი ტალახი ვანოს ახლა კი ქრონოლოგიურად მივყვეთ თემას: კოდუა ინტერვიუს მასა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაზე საუბრით იწყებს და ამ თემითვე ამთავრებს.
დაწყება: „აქ ლაპარაკობდნენ, რომ პიროვნული დაპირისპირება მქონდა, რაც არ არის სიმართლე. უბრალოდ ვანოს უყვარდა კონკრეტულ თემებში ჩარევა, რაზეც ვმუშაობდით და რაღაც რჩევების მოცემა და მე ვთვლიდი, რომ არასწორი რჩევები იყო, არ იცოდა ეს საკითხი და მე მქონდა ჩემი ხედვა. ამაზე გვქონდა ჩვენ ყოველთვის კამათი სამსახურის თემაზე და ეს იყო თვეში 2-ჯერ, 3-ჯერ კამათი გვქონდა ხოლმე და ამის გამო მივიღე მე გადაწყვეტილება, რომ ამ ხელმძღვანელთან მე ვერ ვმუშაობდი და წავსულიყავი სამსახურიდან… მქონდა ამაზე პატაკი დაწერილი, რომ შევთავაზე სხვამ იმუშაოს და სხვამ შეასრულოს. რაზეც მე მაშინ მითხრეს უარი. არ დამიკმაყოფილეს მოთხოვნა…
დასასრული: ერეკლე კოდუა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილისგან მიიღო დავალება გოგა ხაინდრავას მკვლელობაზე, შეთანხმდნენ, რომ დანარჩენი სამი ადამიანის გვარს მოგვიანებით შეატყობინებდა მას პატარკაციშვილი. ვანო მერაბიშვილმა კი მას ეს საქმე ბოლომდე არ მიაყვანინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებით კოდუამ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირა: თავის მეტოქეზე, ვანო მერაბიშვილზე შური კიდევ ერთხელ იძია… სააკაშვილს კუდი აუწია…
და რაც მთავარია: ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე საუბრისას ძალიან ბევრი ხელს კოდუასკენ იშვერდა. თუ ის ამ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საქმის ბოლომდე მიყვანა უნდოდა, თავსაც ითეთრებს და ისრებიც ვანო მერაბიშვილის მიმართულებით გადააქვს… მისი გათვლებით, ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი უნდა იყოს, რის გამოც მას ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაში არავინ არასდროს დაადანაშაულებს… გამოცხადებული მკვლელობების ქრონიკა ის, რომ ერთსა და იმავე პერიოდში არაერთი ფაქტი დასტურდება მკვლელობის შეკვეთის, ეს ნამდვილად ბადებს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს და ცალსახად ადასტურებს რეჟიმის არსებობას. მოგეხსენებათ, რომ ერეკლე კოდუამ უკვე დაასახელა გოგა ხაინდრავა, რომლის ლიკვიდაციაც მას თურმე ბადრი პატარკაციშვილმა შეუკვეთა… იქვე მისთვის ვანო მერაბიშვილის განეიტრალებაც დაუვალებიათ… ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, რატომ ავალებდა მას ამ მკვლელობებს? თუ პატარკაციშვილი მოინდომებდა მსგავსი სცენარის განვითარებას, ქილერიც გაცილებით იაფი დაუჯდებოდა და ეს სულაც არ შეუშლიდა ხელს მას, მისი თანაგუნდელების ლიკვიდაციაში მაინც მაშინდელი ხელისუფლება დაედანაშაულებინა… თუმცა კოდუასთან ეს კითხვა არ დასმულა და შესაბამისად, საზოგადოებასაც პასუხი ლოგიკის შედეგად შეუძლია მიიღოს მხოლოდ… ამ მოსაზრებაზე კი პასუხი აქვს გოგა ხაინდრავას, რომელიც აცხადებს: „ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, კოდუა არიან შიზოფრენიით დაავადებული ხალხი. ეს ავადმყოფობა უკვე ისეთ ხარისხში გადავიდა, თვითონ აღარ იციან უკვე, რას აკეთებენ. კოდუას იმ ცუდი ოფიციანტივით მოუვიდა, დაკვეთები რომ ერევა ხოლმე – როგორც ჩანს, ჩემი მკვლელობა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაუკვეთეს და პატარკაციშვილს გადააბრალა“.
ვალერი გელბახიანის თქმით კი, მისი ბრალდების ფარგლებში თავის დროზე კოდუაც დაიკითხა. მას ჩვენებაში ნათქვამი აქვს, რომ პატარკაციშვილმა მას სამი კაცის მკვლელობა შეუკვეთა, მაგრამ არავის გვარი არ დაუკონკრეტებია. ამიტომაც გელბახიანი მიიჩნევს, რომ გოგა ხაინდრავას დასახელება სრულიად ახლად შეთითხნილი ვერსიაა… ამასობაში კი გიორგი თარგამაძე ამხელს ერთ საიდუმლოს და აცხადებს, რომ თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილმა ის გააფრთხილა, შენს ლიკვიდაციას აპირებენო და დაცვა მიუჩინა. შემდეგ კი იგივე ინფორმაცია მან შეიტყო შოთა უტიაშვილისგან, რომლის მიხედვითაც მისი მკვლელები ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა გადმოსულიყვნენ… თავად ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესახებ საზოგადოებამ თავის დროზე ტელეეთერიდან შეიტყო, როდესაც გადაიცა ფარული ჩანაწერი კუდ-ის მაღალჩინოსნის, ე.წ. მასტერასა და ჩეჩენ მებრძოლს შორის, სადაც მასტერა მას ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას ავალებდა… მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ნიკა გვარამიამ ამ ფაქტს ასეთი შეფასება მისცა: ბადრი პატარკაციშვილის მორიგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება, პირველი არ არის და ამან უკვე ტენდენციის, თუ ტრადიციის სახე მიიღო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ეს განცხადება არ დასტურდება…“
არადა ბადრი პატარკაციშვილი ძალიან მალე იპოვეს გარდაცვლილი. ის ერთადერთი რეალური მსხვერპლი აღმოჩნდა ზემოჩამოთვლილ შესაძლო მსხვერპლთაგან… ვის დავუჯეროთ? ერეკლე კოდუას განცხადებების ერთი ნაწილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა, თუმცა ამ ინტერვიუში მკითხველი წინააღმდეგობებსაც ბევრს აღმოაჩენს:
– კოდუა საუბრობდა, რომ მას ეს ოპერაცია ბოლომდე არ მიაყვანინეს…
– კოდუა საქმეს უყურებს, როგორც ოპრეტიული თანამშრომელი, უნდა, რომ საქმის დეტალები ბოლომდე შეისწავლოს ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ეფექტი, რომელიც ამ საქმეს ექნებოდა და ხალხს უნდა სიმართლე და პოლიტიკოსი ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ დეტალებს. ბუნებრივი ამბავია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
– დავუშვათ, ეს რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალება და ეს პოზიცია არის მყარი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ტელევიზიის დახურვა და საზოგადოებისთვის ყურების დახშობა? არაინფორმირებულება. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო იგივე „იმედში“ შესვლა და ტელევიზიების გაჩერება?
– ამაზე შეიძლება ვიკამათოთ… თუმცა ეს საკამათო არ არის, როცა გადატრიალებაზე ვსაუბრობთ.
– თქვენ გქონდათ ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილი აპირებდა გოგა ხაინდრავასა და სხვა თანაგუნდელების მოცილებას?
– თუ გახსოვთ, თარგამაძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თურმე ის გავაფრთხილე, რომ მის მოკვლას აპირებდნენ და დიდი ხანია არსებობს ეს ინფორმაცია და მე ახლა ვადასტურებ, რომ ყოველთვის იყო ეს ეჭვი, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო პოლიტიკური მკვლელობა, ისეთი, რომელიც მთავრობას დაჰბრალდებოდა და ჩავთვალეთ, რომ თარგამაძე შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი ამათგანი. ამის შესახებ მასაც შევატყობინეთ. ხაინდრავაც მაშინვე გააფრთხილეს.
– კოდუამ ისაუბრა დაპირისპირებაზე ვანო მერაბიშვილთან და რამდენად რეალური იყო ეს დაპირისპირება და მართლა ტოვებდა თუ არა კოდუა უწყებას?
– არ ვიცი, ეს შიდა ინტრიგებია, რომელშიც ჩახედული არ ვარ და არ ვიცი. კონტრვერსია იმის პარალელურად, რასაც ერეკლე კოდუა გვიყვება ოპერაციის დაგეგმვის შესახებ, ინფორმირებულ ადამიანებს, რომლებიც 2007-2008 წლებში ქმედუნარიანებად ითვლებოდნენ, კარგად ახსოვთ, რომ ერეკლე კოდუა მართლაც სერიოზულად უპირისპირდებოდა ვანო მერაბიშვილს და არავისთვის იყო დასამალი მისი წყურვილი, ხელში აეღო მთელი სამინისტროს მართვის სადავეები. შესაბამისად, ოპერაციის პირველი ეტაპი, რასაც კოდუა ოპერაციად მოიხსენიებს, უფრო მეტად პერსპექტიული თანაგუნდელების შეხვედრას უფრო ჰგავდა, ხოლო როდის გადაწყვიტა მან, ეს შეხვედრა სპეცოპერაციად ექცია, სწორედ აქ იყოფა ინფორმირებულთა პოზიციები. ჩვენთვის ცნობილი სხვა ვერსიებიდან აქამდე უცნობის შესახებ მოგახსენებთ, რომლის მიხედვითაც ამ შეხვედრის შესახებ შეიტყო ვანომ და კოდუა იძულებული გახდა, ჩანაწერებიც გაეკეთებინა და ისევ ძველ გუნდთან თანამშრომლობას დაბრუნებოდა. თუმცა აქ იკვეთება მეტად გასაკვირი და უფრო მეტიც, კურიოზული დეტალი: თუ სოდის ყოფილ შეფს დავუჯერებთ, შეხვედრაზე ის ტანსაცმელზე მიმაგრებული ქალის ათი „გულაბკით“ მივიდა, იმ მიზნით, რომ აპარატს მასზე მიეცა რეაქცია და ამგვარად რკინის აქსესუარებით გაწყობილი ფეხსაცმლით ჩამწერი მოწყობილობა შეეტანა. მკითხველი, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ დამაჯერებლობას არის მოკლებული ფაქტი, თითქო ბადრი პატარკაციშვილის დაცვა დაიღალა აპარატის ხმაურით და მორიგი „გულაბკების“ აღმოჩენით, ბოლოს კი ოღონდაც კოდუა არ წასულიყო, საშუალება მისცა მას, აპარატზე აყვირებული ფეხსაცმლით შესულიყო შეფთან… ამ ვერსიით გამოწვეული ღიმილის კარგად გვესმის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩამწერი მოწყობილობა პატარკაციშვილის სახლში შევიდა. ყველაზე ეჭვიანები, ალბათ, საფუძვლიანად ჩათვლიან, რომ კოდუა ამ ნარატივით ვიღაცის გადარჩენას, ხელის დაფარებას ცდილობს, ვინც მას, სავარაუდოდ, პატარკაციშვილის გარემოცვიდან დაეხმარა ამ მოწყობილობის შეტანაში.
კოდუას „მადლი“ და სავარაუდო გეგმები ჩვენ, ჟურნალისტებს, ძალიან გვიყვარს ინფორმირებულ და კონფიდენციალურ წყაროებთან ურთიერთობა. ჰოდა, ასეთი წყაროს ინფორმაცია გვსურს მივაწოდოთ მკითხველს: როგორც ირკვევა, ერეკლე კოდუას თავისი ინტერესები ჰქონია მედიაში. თუმცა ერთ-ერთი ასეთი სურვილის განხორციელების მოწმე ამ სტატიის ავტორიც გახლდათ, როდესაც რამდენიმე წლის წინათ მისი ოჯახი ერთ-ერთი ქართული ჰოლდინგის ყიდვით დაინტერესდა, თუმცა მერე გადაწყვიტეს, რომ ახალი გაზეთის გახსნა და მათთვის არაკეთილმოსურნე გაზეთებიდან წამყვანი ჟურნალისტების გადაბირება იგივე შედეგს მოიტანდა და თანაც გაცილებით იაფად… როგორც ჩანს, ეს მიდრეკილებები არ გამქრალა და ჩვენი ინფორმირებული წყაროს ცნობით, ის დღესაც აფინანსებს საქართველოში რამდენიმე მედიასაშუალებას. კოლეგიალობის დაცვით „პრაიმტაიმი“ ამ თემას, ცხადია, არ ჩაუღრმავდება, თუმცა ჩვენს ყველაზე ცნობისმოყვარე მკითხველს ვურჩევდით, რომ, თუ თვალს უფრო დაკვირვებულს გახდის, ამის გაშიფვრა სულაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს… ამასთანავე, შევიტყვეთ, რომ ერეკლე კოდუა აფინანსებდა ცალკეულ პირებსაც, რომლებიც ზემოშემოთავაზებულ ისტორიაში დაიჩაგრნენ. მათ შორის სახელდება ყოფილი მოსამართლე, მარინა გაბუნია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს კოდუასა და პატარკაციშვილის მთავარ მაკავშირებლად დასახელდა და რის გამოც ის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის გამო პასუხისგებაშიც მისცეს. ჩვენი წყაროს ცნობით, მათ შორის კავშირი ერეკლე კოდუას დედის, ლაურა ღაჭავას დამსახურებაა. სოდ-ის ყოფილ შეფს ის პატიმრობის დროსაც არ მიუტოვებია. ცხადია, „პრაიმტაიმი“ შეეცადა, ეს ინფორმაცია თავად ყოფილ მოსამართლესთან გადაემოწმებინა, თუმცა ინტერვიუზე სასტიკი უარი მივიღეთ. სამაგიეროდ წარმოგიდგენთ მცირე ინტერვიუს ლაურა ღაჭავასთან:
– ქალბატონო ლაურა, მარინა გაბუნიასთან ახლაც გაქვთ კონტაქტი?
– არა. მე არ მაქვს არავისთან კონტაქტი. შევარდნაძის დროს სამოქალაქო დავა მქონდა. ის იყო მოსამართლე.
– არადა ამბობენ, რომ თქვენი მეშვეობით მოხდა თქვენი ვაჟისა და ყოფილი მოსამართლის დაკავშირება, რის შედეგადაც ირაკლი კოდუა ბადრი პატარკაციშვილთან აღმოჩნდა შეხვედრაზე…
– როგორ გეკადრებათ… პირიქით, გაკვირვებული ვიყავი, რომ ლაპარაკობდნენ, ლონდონში იყოო. საერთოდ არაფერი ვიცოდი. საერთოდ არ ვერევი ჩემი შვილის საქმეში. მე მაქვს ჩემი საქმე და არ ვერევი არავის საქმეში.
– როდესაც მარინა გაბუნია ციხიდან გამოვიდა, ხომ შეხვდით მას და გქონდათ რაღაც საუბარი?
– საქმე მაქვსო და მეტი არაფერი ყოფილა.
– და რაზე გესაუბრათ?
– აბსოლუტურად არაფერზე. თქვა, რომ გამოვიდა და არის შეუძლოდ და მკურნალობა უნდა დაიწყოს. მეტი არაფერზე. – როგორც ვიცი, მან დაფინანსება მოგთხოვათ.
– არა, არ მოუთხოვია.
დაბოლოს ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი აცხადებს: „ბადრიმ მე მითხრა, რომ ის იწერდა შეხვედრას, მე მითხრა, რომ სტენოგრამას აკეთებდა, ქართულიდან ინგლისურ ენაზე, მითხრა, რომ ხვალ დილით დაიდებოდა, წაიღო ფირი ბერეზოვსკიმ, ფირი აღმოჩნდა საელჩოში, საელჩომ გადასცა კოდუას. არავითარი ჩაწერა იქ კოდუას არ გაუკეთებია, ჩაწერა გააკეთა ბადრიმ, იმისთვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო მისი ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით“. ესეც ვერსია არსებობის უფლებით.