გიორგი ამილახვარმა და თამარ ტალიაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს სკოლამდელი და სასკოლო განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივები გააცნეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ამილახვარი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თამარ ტალიაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ადრეული განათლების სპეციალისტს, ჯესიკა ქათარინ ბრაუნს და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში, ემი ქლენსის შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განათლების სფეროს მიმართულებით საპარლამენტო ინიციატივებზე, მათ შორის, სკოლამდელი განათლების რეფორმაზე და განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შექმნაზე იმსჯელეს.

„შეხვედრა იყო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი. დავგეგმეთ მომავალი ქმედითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების მიმართულებით ჩვენი აღსაზრდელებისთვის”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდთან სკოლამდელი და სასკოლო განათლების მიმართულებით, მათ შორის, ამ სფეროებში დაწყებული რეფორმების ყველა ეტაპზე. „დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო, სკოლამდელი განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობს ალტერნატიული, ადრეული და სკოლამდელი სერვისების შეთავაზებას ჩვენი მოსახლეობისათვის.

გამოვყავით ის საჭიროებები რომელიც ჩვენს მოსახლეობას, ოჯახებს გააჩნიათ რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან თუ სხვადასხვა ტიპის გამოწვევის მქონე რეგიონებში. ჩვენი ამოცანაა სკოლამდელი განათლების სისტემა მორგებული იყოს კონკრეტულ საჭიროებებზე ჩვენი მოქალაქეების, ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.
განხილვის საგანი იყო ასევე კომიტეტის მიერ განათლების კოდექსზე მუშაობის დაწყება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო განათლება. საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში მნიშვნელოვანია გაეროს განვითარების ფონდის ექსპერტების ჩართულობა ამ პროცესში, რათა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები იზიარებდეს და ეფუძნებოდეს საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ემი ქლენსმა აღნიშნა, გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს განათლებისა და მეცნიერების კოდექსის კონცეპტუალიზაციასა და განვითარებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ყველა ბავშვისთვის და განსაკუთრებით ექვს წლამდე ბავშვებისთვის. ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად განათლების სისტემის გაძლიერებისთვის საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და ველოდებით ამ ურთიერთობის გაგრძელებას”, – განაცხადა ემი ქლენსიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები