„ის ტაში, რომელიც ლექციის ბოლოს ისმოდა, „პატარა კახის“ საერთო სახალხო აღიარებისა და დიდი სიყვარულის დასტურიცაა“
ხელოვნების სასახლეში გიორგი კალანდიას ლექცია – „ერეკლე მეფე როგორც ევროპელი ლიდერი“ გაიმართა, რომელსაც უამრავი ხალხი დაესწრო. ამის შესახებ თავად გიორგი კალანდია წერს სოციალურ ქსელში.
„დღეს ხელოვნების სასახლეში ჩემს ლექციაზე „ერეკლე მეფე, როგორც ევროპელი ლიდერი“ უამრავი ადამიანი მოვიდა, ეზო გადაჭედილი იყო, სკამებზე კი დასაჯდომ ადგილს ვერ იპოვიდი. ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა და თან გამახარა, რომ მოსულთა შორის უმეტესობა ახალგაზრდა იყო! მაშ, რატომ მოვიდა დღეს სასახლეში საჯარო ლექციაზე ამდენი ადამიანი?! იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ბრძენი და სამართლიანია! იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანას, მის მომავალ თაობებს ეროვნული ღირსება არ უნდა შეუგინო, არ უნდა შეურაცხყო ის ისტორიული პირები, რომელთა ღვაწლზე მომავალი განვითარება ეფუძნება!
დღეს ხელოვნების სასახლეში მოსული ხალხი ჩვენი ძლიერების საფუძველია, ჩვენი ნაფიქრალის, მუზეუმის, მისი გუნდის, ჩვენი ნაკეთები საქმეების, ჩვენი იდეალების და მიზნების მხარდაჭერის ნიშანია! მადლობა ამისათვის, ამხელა თანადგომისათვის! დღევადელ ღონისძიებაზე მოსული ხალხი და ის ტაში, რომელიც ლექციის ბოლოს ისმოდა, „პატარა კახის“ საერთო სახალხო აღიარებისა და დიდი სიყვარულის დასტურიცაა“! – წერს გიორგი კალანდია.