თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ ფინალური გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

3 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნაზე – ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით და ერთხმად დააფიქსირა პოზიცია, რომ ფინალური გამოცდები უნდა ჩატარდეს არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა: ,,აკადემიური საბჭო ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიესალმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას – თბილისის გარდა კიდევ ორ ქალაქში საგამოცდო ცენტრების გახსნის თაობაზე.

საბჭოს რეკომენდაციით, სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგიონებში ან ვისთვისაც დამატებით საგამოცდო ცენტრებამდე მისვლა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, საგამოცდო პერიოდში თსუ საერთო საცხოვრებელში უფასოდ განთავსებას შესთავაზებს. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი, საგამოცდო პერიოდში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.’’ შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრებმა მედიასთანაც გააკეთეს კომენტარი: ,,უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქცია და დანიშნულებაა სტუდენტებს მისცეს კარგი განათლება.

სტუდენტებს ბევრი უფლება აქვთ, თუმცა მათ აქვთ მოვალეობაც. სტუდენტების მოვალეობაა ისწავლონ კარგად და ისწავლონ ისე, როგორც ამას უნივერსიტეტი განსაზღვრავს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გაითვალისწინა არსებული ვითარება, გასაგებია ის, რომ ზოგიერთ სტუდენტს აქვს მძიმე სოციალური პირობები და შესაძლოა, ვერ ახერხებდეს თბილისში ჩამოსვლას, სწორედ ამიტომ, მათ მხარდასაჭერად გაიხსნა ორი რეგიონული საგამოცდო ცენტრი – ახალციხესა და ქუთაისში, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ ცენტრებით თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად’’ – აღნიშნა რევაზ შანიძემ – თსუ პროფესორმა და აკადემიური საბჭოს წევრმა. აკადემიური საბჭოს კიდევ ერთი წევრის, პროფესორ ალექსანდრე ხუსკივაძის განცხადებით, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე უნივერსიტეტი მათ, ვისაც ამის საჭიროება ექნება, დააკმაყოფილებს უფასო საცხოვრებლით: ,,ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მომავალი სპეციალისტების კვალიფიკაციასა და ხარისხზე, ქვეყანას არ სჭირდება უცოდინარი იურისტი, ექიმი, პოლიტოლოგი, ეკონომისტი და ა.შ. ამიტომ თითოეული სტუდენტის ჩართვა საგამოცდო პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი’’.

,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა კიდევ 12 უნივერსიტეტი ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე, დასწრებული ფორმით ატარებს გამოცდებს. იქ არავინ არ აპროტესტებს ამ ფორმატს, არავინ არ ითხოვს საცხოვრებელს, მე ვერ ვიტყვი, რომ იმ უნივერსიტეტებში არ არიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები.. რაც შეეხება უნივერსიტეტს, აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭიროს იმ სტუდენტებს, ვისაც სჭირდება საცხოვრებელი და ასევე, რეგიონებში გაიხსნა 2 საგამოცდო ცენტრი, სადაც მათ შეუძლიათ გამოცდების ჩაბარება’’ – ამბობს მარინა ჩიტაშვილი – აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი. აკადემიური საბჭოს ოფიციალური განცხადება უნივერსიტეტმა სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა:
https://tsu.ge/ka/news/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9012?fbclid=IwAR0I0ePWKdeg_qXqkBO03HuhmeU3DjJgKjWrWc_-FC5JC4jDAXEE1EQs0vA

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები