დიმიტრი ტორაძე: „ვინ არის გარანტი იმისა, რომ ანალოგიური თაღლითური სქემები თიბისი ბანკში არ განმეორდება“
სს „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი იან მალქოლმ ჰოქი, რომელიც ბანკისგან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, სს „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტისგან კონკრეტულ პასუხს 2 თვეზე მეტია ელოდება. ამავდროულად უკვე გაიმართა ხაზარაზე-ჯაფარიძის საქმის სააპელაციო განხილვა და იან მალკქოლმ ჰოქი და მისი წარმომადგენელი ამ პროცესში არანაირი აქტივობით არ გამორჩეულან.
რა ეტაპზეა აქციონერის დავა ბანკთან და რა შეიცვალა წერილობითი მიმართვის შემდეგ, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატს დიმიტრი ტორაძეს დავუკავშირდით.
_ ბატონო დიმიტრი, როგორც თქვენი წინა ინტერვიუდან შევიტყვეთ, თქვენ ორ თვეზე მეტია, რაც წერილობით მიმართეთ სს „თიბისი ბანკს“, სადაც საკუთრივ ბანკისთვის და შესაბამისად აქციონერებისთვის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვთ. არის თუ არა რაიმე ახალი ბანკთან ურთიერთობაში?
_ უკვე 80-ე დღეა რაც მიმართული გვაქვს ბანკისთვის, დაგვირეკეს, დაგვიდასტურეს წერილის მიღება და მას შემდეგ არანაირი პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
_ თქვენ ხომ არ შეხმიანებიხართ დამატებით პასუხის დაჩქარების მიზნით?
_ არა! რატომ? თუ ბანკს პასუხის გაცემა უნდა ან/და უნდოდა, ამას მარტივად და კორპორაციული ეტიკეტის სრული დაცვით აქამდე განახორციელებდა, თუმცა პასუხის გაცემაც და არ გაცემაც თანამდევი იურიდიული შედეგების მატარებელია. კერძოდ თუ პასუხი იქნებოდა, რომ მას არაფერი გაუკეთებია და არაფერს არ აკეთებს საკუთრივ მისი – სააქციო საზოგადოების ინტერესების დასაცავად, და ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათთან ფროდ სქემებში ჩართულ პირებს არ სთხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ჩვენ მომენტალურად წარმოგვეშვებოდა უფლება, დერივაციული სარჩელით მიგვემართა სასამართლოსათვის. იგივე სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ჩვენ მაინც წარმოგვეშვება მას შემდეგ, რაც პასუხისგაუცემლად გავა 90 დღე. ასე რომ ფაქტობრივად აქ არაფერი იცვლება, გარდა ბანკის მხრიდან ტექნიკურად, მაგრამ ლეგალურად დროის მოგებისა.
_ რას აძლევს ასეთი დროის მოგება ბანკს?
_ ჩემი აზრით, ფაქტობრივად არც არაფერს, თუმცა ეს კითხვა უფრო ჩემთან არ უნდა იყოს, თუ ბანკი 90–დღიანი ვადის ამოწურვას ელოდება, მაშინ ისინი სავარაუდოდ ემზადებიან სასამართლოსთვის. ამ შემთხვევაში როგორია მათი სტრატეგია, ტაქტიკური გეგმები და ა.შ. ბანკის მენეჯმენტის და იურიდიული სამსახურის პრეროგატივაა და მათ მაგივრად მე პასუხს ვერ გაგცემთ.
_ მოდით, ცოტა მარტივად აგვიხსენით, 90–დღიანი ვადის გასვლით რა შეიცვლება და რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს პასუხის არმიღების შემთხვევაში?
_ ეს არის დერივაციული სარჩელის ბუნება, კერძოდ აქციონერმა მიმართოს სასამართლოს სააქციო საზოგადოების ინტერესების დასაცავად. ანუ მისი სამართლებრივი მოთხოვნის პირდაპირი და პირველადი ბენეფიციარი თავად სააქციო საზოგადოებაა, რა მოცულობითაც არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული აქციონერის მოთხოვნა (მოცემულ შემთხვევაში ძირითადი თანხა 17 მილიონი აშშ დოლარი, თუ სრულად ზიანთან ერთად 40 მილიონი) ან სხვა მოცულობით ამ ფინანსურ რესურს აქციონერი (და ამ შემთხვევაშიც ჩემი მარწმუნებელი) კი არ ღებულობს, არამედ ღებულობს ბანკი. ანუ აქციონერი მიმართავს ბანკს მან შეიტანოს სარჩელი დამაზარალებელი აქციონერების და საეჭვო ფროდ სქემაში ჩართული მესამე პირების მიმართ, რათა გაცემული სესხი, მასზე დარიცხული სარგებელი, მიუღებელი შემოსავალი და ჯარიმები მიიღოს სწორედ რომ ბანკმა! ანუ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მარწმუნებელი კი არ ითხოვს მისთვის 40 მილიონ აშშ დოლარს, არამედ ბანკს სთხოვს მან მოითხოვოს თავისთვის (თავად ბანკისთვის), თუ ბანკი არ განახორციელებს ასეთ სამართლებრივ პროცედურებს, მაშინ, მიმართვიდან 90 დღის გასვლის შემდგომ, აქციონერი უკვე უფლებამოსილია თავად წამოიწყოს დავა დამაზარალებლების წინააღმდეგ, მაგრამ აქაც მხოლოდ და მხოლოდ ბანკის სასარგებლოდ, ანუ აქაც იგივე სამართლებრივი შედეგია – ჩემი მარწმუნებელი კი ვერ მიიღებს 40 მილიონ აშშ დოლარს, არამედ მოთხოვნას აყენებს აღნიშნული ზიანი აუნაზღაურდეს სს „თიბისი ბანკს“.
_ თუ თქვენი მარწმუნებელი ვერ მიიღებს 40 მილიონ აშშ დოლარს, მაშინ რა ინტერესი აქვს მას, მით უმეტეს, როცა მან აქციები შეიძინა, სადავო ფაქტი უკვე 14 წლის მომხდარი იყო?
_ პასუხი საკმაოდ მარტივია, ჩემი მარწმუნებელი არის აქციონერი, ანუ მისი ინტერესი ფიქსირდება იმ აქციათა რაოდენობის შესაბამისად, რომელიც მას გააჩნია. მას გააჩნია პირდაპირი ინტერესი, რომ ის სააქციო საზოგადოება, რომელშიც იგი ფლობს აქციებს, იყოს ფინანსურად ძლიერი, მდგრადი და მეტი კაპიტალიზაციის. მაგალითისვის თუ თქვენ ხართ 1% წილის მფლობელი 100 ლარის კაპიტალიზაციის საწარმოში, უტრირებულად, თქვენი წილი უდრის 1 ლარს, მაგრამ თუ იქნებით 1000 ლარის კაპიტალიზაციის საწარმოს მოწილე რამდენი იქნება თქვენი წილის ფასი – 10 ლარი, დაახლოებით იგივეა მოცემულ შემთხვევაშიც, კერძოდ აქციას გააჩნია ნომინალური ფასი, რაც უფრო ფინანსურად წარმატებული, მდგრადი და მაღალი კაპიტალიზაციის მქონე იქნება სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“, მით უფრო მაღალი იქნება ჩემი მარწმუნებლის აქციათა ნომინალური ფასი. მაგალითის მოყვანისას, უტრირებულად იმიტომ ვახსენე, რომ წილი და აქცია კიდევ უფრო განსხვავებული კატეგორიებია, აქცია კიდევ უფრო სენსიტიურია ფინანსური გავლენების მიმართ. კრიმინალური საქმე, ფროდ სქემები, გაუმჭვირვალე მოთხოვნები და ბერკეტები პირდაპირ, უშუალოდ და მყისიერად მოქმედებს აქციათა ფასზე. შესაბამისად, არსებობს რამდენიმე მყარი კრიტერიუმი, რომელიც პირდაპირპროპორციულად განსაზღვრავს ნებისმიერი აქციონერის ინტერესს, და ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე ჩემი მარწმუნებლის მოთხოვნას გააჩნია აბსოლუტური სამართლებრივი, ფაქტობრივი და ლოგიკური საფუძვლები.
მაინც რა კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ და რა პირდაპირ კავშირშია იგი თქვენი მარწმუნებლის მოთხოვნებთან?
_ პირველი, როგორც მოგახსენეთ, არის მაღალი, მეტი კაპიტალიზაცია – ანუ 40 მილიონით მეტი კაპიტალის სააქციო საზოგადოებაში მისი წილი/აქციის ნომინალი იქნება უფრო მეტი;
მეორე არის არალეგალური, ფროდ სქემები, რომელიც არამარტო აქტუალურ რეჟიმში – დღეს აზიანებს ბანკს, არამედ აზიანებს რეპუტაციულად და აზიანებს სამომავლო განზომილებაშიც. თუ კი დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა რაიმე საეჭვო სქემები, არაგამჭირვალე და არასათანადო ოპერირების ფაქტები და ამაზე არ ხდება განუხრელი და სათანადო ზომების მიღება, საჭირო სამართლებრივი პროცედურების წარმოება, ხვალ ვინ არის გარანტი იმისა, რომ ანალოგიური არ განმეორდება.
მესამე – მოთხოვნა საერთოდ არის სხვის ხელში, იგულისხმება აქციონერთათვის უცნობი ოფშერული კომპანიის ხელში (სხვათა შორის ამ კომპანიის წარმომადგენელიც სს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია), არავინ არ იცის ამ მოთხოვნის მოცულობები, უზრუნველყოფები, სანცქიების ფარგლები, თავდებები და ბანკი აქ საეჭვოდ დუმს, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ სქემაში შეიძლება ბანკი საერთოდ პირდაპირაც მონაწილეობდეს, ანუ არამარტო ის ზიანი არსებობს, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ 14 წლის წინ წარმოიშვა, თუმცა დენადია დღემდე და მოთხოვნის მფლობელის მიერ მოთხოვნის დაყენებამ და მისმა რეალიზაციამ პირდაპირი ზიანი გამოიწვიოს თუნდაც დღეს ან ხვალ, ზუსტად იმ დროს როცა უკვე აქციონერია ჩემი მარწმუნებელი.
_ როგორ ახსნით – რატომ არ ითხოვენ იგივეს სხვა აქციონერები?
_ ვინ გითხრათ, რომ არ ითხოვენ? რა თქმა უნდა ითხოვენ და ჩემს მარწმუნებელს გააჩნია მათთან მყარი კონტაქტები, რაც შეეხება იგივე მოთხოვნას, იგივე მოთხოვნა დამოუკიდებლად უბრალოდ გამორიცხულია! მოთხოვნა შეიძლება დააყენოს ერთმა ან თუნდაც ასმა აქციონერმა, მაგრამ მოთხოვნა მაინც იქნება ერთი – ერთი საეჭვო და ფროდ სესხი და მისგან გამოწვეული ზიანი – ანუ ის 17 მილიონი და ის მოიუღებელ შემოსავლიანად 40 მილიონი. ასივე, ათასივე აქციონერს შეუძლია მხოლოდ ეს მოთხოვნა დააყენოს და არა ეს მოთხოვნა იმდენჯერ რამდენი აქციონერიც არსებობს. შესაბამისად, უმეტესი დაინტერესებული აქციონერებისათვის ცნობილია ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ, მეტიც კომპეტენციაც მათთვის არ წარმოადგენს სადავოს (ამ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ მარტო ჩემს თავს ვგულისხმობ, პირიქით – ჩემს თავს ნაკლებად, უფრო ჩემი მარწმუნებლის ინგლისელი ადვოკატებისა) და მათაც გააჩნიათ იგივე სამართლებრივი პოზიციები და მოლოდინები, რაც ჩვენ. ყოველ შემთხვევაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ჯერჯერობით ჩვენი პოზიციები სრულ თანხვედრაშია.
_ ანუ ვსაუბრობთ რეპუტაციულ რისკებზე?
_ არა მარტო, რეპუტაციული ზიანი აბსოლუტურად სხვა თემაა და იგი მართლაც რომ პირდაპირ მოქმედებს აქციათა ფასზე, ასევე როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირდაპირ მატერიალური რისკებიც არსებობს, ისეთი რისკები, რომლის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჩემი მარწმუნებლისთვის ცნობილი არ იყო აქციათა შესყიდვის დროს. ის ფაქტიურად დააყენეს ამ ფაქტის წინაშე, თანაც აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა არა ბროკერიდან ან სავაჭრო აგენტიდან, არამედ, რაც კიდევ უარესია, მედიიდან, საჯარო წყაროებიდან. დამიჯერეთ, მას ქართული პოლიტიკური ტოქშოუდან არ გაუგია აღნიშნული ინფორმაცია. ინფორმაცია სს „თიბისი ბანკის“ აქციონერების წინააღმდეგ კრიმქეისის წარმოების შესახებ გავრცელდა BBC-ზე, Euronews-ზე და მსგავს მედიაპლატფორმებზე. შესაბამისად რეპუტაციაც არსებითი დაცვის საგანია ნებისმიერი აქციონერისგან.
_ იმავე რეპუტაციული ან სხვაგვარი ზიანის მომტანი საქმეებით ხომ არ მოუმართავთ თქვენთვის სხვა პირებს სს „თიბისი ბანკი“-ს წინააღმდეგ?
_ არის ასეთიც. პირადად მომმართა კლიენტმა ერთი საქმით სს „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ, სადაც როგორც ბანკის, ასევე მისი ინსაიდერული კომპანიების ქმედებები და პასუხები არ არის არც თანმიმდევრული და არც მთლად სამართლებრივად გამართული. თუმცა აღნიშნული ქეისი განხილვის საგანია სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჯერჯერობით მეტი ინფორმაციის გაცემისაგან თავს შევიკავებდი. ნებისმიერ შემთხვევაში სს „თიბისი ბანკს“ გულწრფელად ვუსურვებ და ვუგულშემატკივრებ კიდეც, რომ იყოს თანმიმდევრული, რესპექტაბელური და მაღალი კორპორაციული სტანდარტის მატარებელი, რამეთუ აღნიშნული ჩემი კლიენტის პირდაპირ ინტერესშია.
_ ამავდროულად უკვე ჩატარდა სააპელაციო სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე, სადაც თქვენ არანაირი ფორმით მონაწილეობა არ მიგიღიათ…
_ მადლობა ამ კითხვისთვის, არა და ხომ გახსოვთ როგორ იძახდნენ აი სააპელაციო სასამართლოს წინ გამოძებნეს ვიღაც აქციონერიო და შემდეგ უამრავი ინსინუაციები… რა თქმა უნდა, არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია. მეტიც, საერთოდ გამორიცხული იყო ჩვენი მონაწილეობა ამ საქმეში, ჯერ ერთი, რომ ჩვენ არ მიგვიმართავს არც ერთი დევნის და გამოძიების ორგანოსათვის, არ მოგვითხოვია ვინმეს ვეცნეთ დაზარალებულად, დავეკითხეთ მოწმედ და .ა.შ. ასეთის შემთხვევაშიც კი შესაძლოა ჩვენი მიმართვა გამხდარიყო საფუძველი ახალი საქმის აღძვრისა, მაგრამ უკვე გამოძიებულ და სასამართლოში წარმართულ, პირველ ინსტანცია გავლილ საქმეში ჩვენი ჩართვა სამართლებრივად იყო და არის აბსოლუტურად გამორიცხული, როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური თვალსაზრისით. ჩვენი ხსენება და დაკავშირება ამ საქმესთან იყო საკმაოდ არაკვალიფიციური, არაპროფესიონალური და არარესპექტაბელური საქციელი ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან, აღნიშნული ჩვენი ოპონენტების პიარის ნაწილი იყო! თუმცა დღეს მათი ღიმილის მომგვრელი და წარუმატებელი პიარსვლის შემდგომი დუმილი, არის საკმაოდ ლოგიკური და გასაგები.
_ თუმცა ოპონენტები თქვენს უკან მაინც ბევრ საეჭვო გარემოებას ხედავენ. მეთანხმებით?
_ ყველა ხედავს იმას, რაც სურს, რაც არ წარმოადგენს ჭეშმარიტების ობიექტურ კრიტერიუმს, იან მალკჰოლმ ჰოქის მიერ 2022 წლის თებერვალში ლონდონის ბირჟზე, თავისუფალ მიმოქცევაში არსებული აქციების ყიდვა არის საეჭვო გარემოება და ბანკის მიერ გაცემული 17 მილიონამდე სესხი არა? თან რომელიც გაიცა ორ სამეწარმეო სუბიექტზე საბრუნავი საშუალების გაზრდის მიზნით? ვინ დაიჯერებს, რომ 17 მილიონამდე სესხზე ბანკი, გადახდის გარეშე ათავისუფლებს უზრუნველყოფებს, ერთ წლამდე პერიოდში გააქვს გარებალანსურ ანგარიშზე, მისი ჩამოწერის მიზნით, უბრალო სტანდარტულ მცდელობასაც კი არ ახორციელებს სესხის ამოსაღებად, არაფერს ვამბობ არასტანდარტულ მეთოდებზე, რომელსაც იყენებს ყველას და ყველაფრის მიმართ. მოდით საქართველოს მოქალაქეებმა ყველამ ერთად ჰეშტეგით მივწეროთ სს „თიბისი ბანკს“ #თანახმა_ვართ_მოგვცეთ_მილიონი_სესხად_შემდგომში_გადაუხდელობის_და_ჩამოწერის_პირობით. ნეტა წინააღმდეგი ვინ არის, მაგრამ ხაზარაძე და თიბისი თანახმანი იქნებიან?
_ კარგი, დავუბრუნდეთ იურიდიულ პროცედურებს. თქვენ იმედიანად უყურებთ ქართულ სასამართლოს და არ გაქვთ მის მიმართ პრეტენზიები?
_ არ არის მასე და ახლა თქვენც უტრირებას ახდენთ. მოდი, კითხვა ორ ნაწილად გავყოთ – იმედიანად ვუყურებთ თუ არა სასამართლოს? იმედიანად სასამართლოს კი არა ჩვენს ქეისს ვუყურებთ, დღემდე ვსწავლობთ და ვეცნობით პრაქტიკას მოცემული ტიპის საქმეებზე, კი ბატონო ქართული სასამართლო პრაქტიკა მდიდარი არ არის მსგავს საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკები, უამრავი თეორიული და მეცნიერული შრომები. ჩვენ აქტიურად ვეცნობით ამ პრაქტიკულ მასალას, გვაქვს აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლა და ჩვენი აზრით თანმიმდევრულად მივდივართ შედეგზე ორიენტირებულ პოზიციებამდე. რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვა მაინც სასამართლოზეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან ვეცდებით პროფესიული და აკადემიური მხრით, არაფერი დავაკლოთ ამ საქმეს, თუმცა ჯერ სასამართლომდე უნდა მივიდეთ და იქ ჩვენი მისვლა ისევ და ისევ ჩვენს ოპონენტებზეა დამოკიდებული.
ახლა რაც შეეხება პრეტენზიებს სასამართლოს მიმართ: მე ადვოკატი ვარ მეოთხედ საუკუნეზე მეტი სტაჟით. პრეტენზიები სხვებზე ბევრად მეტი მქონია, დღესაც მაქვს და სავარაუდოდ მომავალშიც მექნება. ოღონდ ეს პრეტენზიებიც იყო და იქნება პროფესიული. აქაც პიარსვლები, ჩემი გადასახედიდან, ზედმეტია. ერთმა ბრიტანელმა მოსამართლემ მითხრა, რომ ინგლისური სასამართლოს დამოუკიდებლობა და მაღალი პროფესიონალიზმი ჩამოაყალიბა საუკუნოვანმა პრაქტიკამ და სასამართლო ტრადიციებმაო. ახალგაზრდა ქართულ სასამართლოს აქვს რიგი პრობლემები, თუმცა მას ჯერ კიდევ არ გაუვლია თავისი სიმწიფის წლები. სწორედ რომ მრავალათწლოვანი პრაქტიკა თავად სასამართლოსთვისაც საჭიროა და აღნიშნული ზედმეტი წუწუნის გარეშე პროაქტიურად გასავლელია, სადაც ადვოკატებს ჩვენი არც თუ მოკრძალებული როლი გვაკისრია, სხვათა შორის მედიასთან და დაინტერესებულ კონსტრუქციულ საზოგადოებასთან ერთად.
_ და მაინც მიუხედავად თქვენი მტკიცებისა, შეჯამება გავუკეთოთ ყველა კრიტიკულ კითხვას თქვენი მარწმუნებლის მიმართ: ის არ იყო აქციონერი 2008 წელს; მან აქციები იყიდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან დაწყებული სამართლებრივი დევნის შემდეგ;თქვენი მარწმუნებელი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს პატიმრობა არ შეუფარდა და მათ ფაქტობრივად მოიგეს პირველი ინსტანციის სასამართლო; თქვენ ედავებით ხაზარაძე-ჯაფარიძეს იმ საქმეში, რომელშიც ბანკი თავს დაზარალებულად არ ცნობს… ოპონენტებს არაერთი არგუმენტი გააჩნიათ თქვენი მარწმუნებლის მიმართ…
_ მოდი, ბოლოდან დავიწყოთ. ის რომ ბანკი არ არის დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა გააჩნდეს სამოქალაქო მოთხოვნა საკუთრივ ხაზარაძე-ჯაფარიძის და მით უმეტეს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში სხვა ფიგურიანტის „სამგორისა“ და „სამგორი M“-ის დამფუძნებლის წერეთლის მიმართ. ის, რომ ბანკს ასეთი სამოქალაქო მოთხოვნაც არ გააჩნდეს, სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად არ ყოფნის პარალელურად უფრო მეტ კითხვას ჩემი მარწმუნებლის კი არა, თავად ბანკის მიმართ აჩენს. ბანკის ქმედებათა არათანმიმდევრულობასა და საეჭვოობაზე ზემოთ აღვნიშნე და კიდევ აღარ გავიმეორებ. საერთოდ ჩემთვის წარმოუდგენელია აქციონერის ლეგალურ მოთხოვნაზე პასუხის გაუცემლობა და იგნორირება, როგორ უნდა გადავიყვანოთ პოლიტიკურ ჭრილში. სააქციო საზოგადოებას გეკითხება შენივე აქციონერი და მისი კითხვის და მოთხოვნის იგნორირებას რა კავშირი აქვს პოლიტიკასთან? აგერ ბატონებო, ილონ მასკმა შეიძინა ტვიტერის აქციები და აქციონერებმა სააქციო საზოგადოებას უჩივლეს სასამართლოში. წარმოიდგინეთ ხაზარაძის მსგავსად, საკუთარ ტელევიზიაში რომ გაქცეულიყო მასკი და ეძახა ამ აქციონერთა მოთხოვნა პოლიტიკური დევნააო, აი გამოჩხრიკეს ვიღაც აქციონერები, ადვოკატად დაუნიშნეს მას BBC-ის რადიო ჟურნალისტი, ხომ მაგარიაო და ა.შ. არა ისე, მართლა ხომ მაგარი იქნებოდა?
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გაათავისუფლა. ეს თუ გამარჯვებაა, მით უფრო ბანკირებისთვის, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ, მე კი ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ გამარჯვებას. შესაბამისად სწორედ ამიტომ ასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას და ჩემი აზრით, სწორადაც უნდა გაასაჩივრონ და არსებული შედეგი ნამდვილად მიუღებელი უნდა იყოს მათთვის. თუმცა ჯერჯერობით გვაქვს ის შედეგი რაც გვაქვს.
_ დაბოლოს, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში უნდა ველოდოთ დერივაციულ სარჩელს სს „თიბისი ბანკის“, ხაზარაძე-ჯაფარიძის და სხვათა მიმართ?
_ მოდით ნუ ვიჩქარებთ, პროცესუალური ვადა პროცესუალური ვადაა თავისი ლეგალური უფლებებით და სამართლებრივი შედეგებით. თუ ჩვენ მოგვიწევს სარჩელის წარდგენა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ შევარჩევთ სწორ მედიაფორმატს და ალბათ პრესკონფერენციის რეჟიმში განვმარტავთ სარჩელის წარმდგენის ყველა დეტალს, რა თქმა უნდა არა სადავო პოზიციებს, მაგრამ იმ დეტალებს, რაც საფუძვლად დაედება სარჩელს (იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იგი სს „თიბისი ბანკს“ წერილობით ვაცნობეთ უკვე 2 თვეზე მეტია.