რა იწვევს მაღალ ინფლაციას და უნდა ველოდოთ თუ არა სამომხმარებლო ფასების კლებას – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ამჟამად, ინფლაცია მთლიანად გარედანაა იმპორტირებული და ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლებზე დამოკიდებული არ არის. ამის შესახებ ეკონომისტმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ განმარტა, რა იწვევს ფასების ზრდას. მისი თქმით, წელს ინფლაცია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგია.

როგორც ეკონომისტი აცხადებს, საქართველოს ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ინფლაცია ძალიან მაღალია, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახა.

„მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11 %-ზე დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო სექტორში კვლავ გაურკვევლობაა და ეროვნული ბანკი ამ ფაქტორს ითვალისწინებს. გაურკვევლობა, პირველ ყოვლისა, უკრაინის ომთანაა დაკავშირებული.

ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის შარშანაც მაღალი იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში, სასურსათო პროდუქციაზე შარშანაც საკმაოდ მაღალი ფასები იყო. მაგალითად, ზაფხულში ინფლაცია 12, 8 %-იც კი დაფიქსირდა. ეს პოსტპანდემიური პერიოდისთვის დამახასიათებელი პრობლემებით იყო გამოწვეული. მთელ რიგ პროდუქციაზე მიწოდების ჯაჭვების წყვეტა მოხდა. ეს, ძირითადად, სასურსათო პროდუქციას ეხება. იყო მოლოდინი, რომ ამ წელს ინფლაცია შემცირდებოდა. ამის მოლოდინი იყო ევროკავშირში, აშშ-ში, მათ შორის, საქართველოშიც. მაგრამ მოგეხსენებათ, თებერვლის ბოლოდან უკრაინაში ომი დაიწყო, რამაც ეს ინფლაციური ტრენდი უკან დააბრუნა. ყველა პროგნოზით, როგორც გლობალური ინდექსებით, ასევე, ეროვნული ბანკის პროგნოზითაც, წელს ინფლაცია გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, წელს ინფლაცია უკრაინის ომის პირდაპირი შედეგია. ესაა ახალი შოკი, რომელმაც ინფლაცია მაღალ დონეზე დატოვა.

ამ წუთში მიწოდების ჯაჭვების წვეტაა არა პოსტპანდემიური პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამო, არამედ – ომისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამო. თუ გადავხედავთ, რუსეთი და უკრაინა ძალიან ბევრი სტრატეგიული პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნები არიან. რუსეთი გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ნავთობის დ ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. იცით, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მზადდება. სანქციები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგაა მიმართული. მაისში ნავთობპროქდუქტებზე ფასი 65%-ით იყო გაზრდილი. ეს ძალიან მაღალი ზრდაა. ამავდროულად, თუ ავიღებთ FAO-ს მონაცემებს, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების ინდიკატორს ადგენს, აპრილში გასულ წელთან შედარებით 30 %-იანი ზრდა იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს აპრილ-მაისში სასურსათო ფასებზე საკმაოდ მაღალი ზრდა იყო, დაახლოებით, 28 %.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ინფლაციის ძალიან მაღალ ტურბულენტურ ზონაში ვართ. ჩვენს ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ინფლაცია ძალიან მაღალია, ეს რუსეთსაც ეხება და უკრაინასაც, სადაც ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18-19 %-ია, თურქეთში საერთოდ სარეკორდო ინფლაციაა, 73 %-მდეა აწეული. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, ამის იმპორტი საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა.

ამის გარდა, ასეთი მაღალი ინფლაცია და ფასების ასეთი მაღალი დონე ბოლო 40 წელია არც აშშ-ში ყოფილა, არც ევროკავშირის ქვეყნებში. საწვავზე, სხვა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ ტრანსპორტი მნიშვნელოვნად გააძვირა, რაც სასურსათო ფასებზე აისახა და მეორე მხრივ მიწოდების ჯაჭვების წყვეტა გამოიწვია. ხედავთ, იგივე ხორბალსა და მარცვლეულზე გლობალურ ბაზრებზე როგორი დაძაბული ვითარებაა, იმის გამო, რომ უკრაინის პორტები, ფაქტობრივად, ჩაკეტილია და საერთაშორისო ბაზრებისთვის პროდუქციის მიწოდება ვერ ხორციელდება. ეს ბევრ პროდუქციას ეხება. ეს ინფლაციური გარემო, რომელიც უკვე ომის შედეგია, ამ ეტაპზე, მაინც გაურკვევლობის პერსპექტივას ტოვებს. გაურკვეველია, ეს ომი როდის დასრულდება. ამ ომის გაურკვევლობიდან გამომდინარე, იმატებს ის სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკას, თუ ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს, კორპორაციებს უწესდებათ. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ინფლაცია, სამწუხაროდ, ამ ზაფხულში თანმდევი იქნება. იყო ასეთი პროგნოზი, რომ შეიძლება,ინფლაციის მაჩვენებელმა წლის ბოლოს დაიწიოს, ჩვენთან 9 %-მდე დავიდეს. მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და, პირველ ყოვლისა, საგარეო ფაქტორზე. დღეს ჩვენ ვართ ისეთ მოცემულობში, როცა ინფლაცია მთლიანად გარედანაა იმპორტირებული და ეს ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებლებზე დამოკიდებული არ არის“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ინფლაციამ წლის ბოლოსკენ, გარკვეულწილად, შეიძლება, დაიწიოს.

„ინფლაციის ერთერთი ყველაზე ეფექტიანი ბერკეტი მონეტარული განაკვეთის გაძვირებაა, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს კიდეც, არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, მონეტარული განაკვეთი ყველგან გაძვირებულია. აშშ-ში ფედერალური რეზერვის განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმზეა. აქედან გამომდინარე ჩვენი მოლოდინი მაინც უნდა იყოს იქითკენ, რომ ინფლაციამ წლის ბოლოსკენ, გარკვეულწილად, შეიძლება დაიწიოს. თუმცა, ვიმეორებ ეს მთლიანად საგარეო ფაქტორია და შიდა გარემოებებით გამოწვეული ნაკლებადაა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა.

„წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (23.3 პროცენტი), თევზეული (19.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (28.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი)“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები