საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მიხეილ თუმანიშვილის პრემიის ლაურეატის, საქართველოს თეატრალური პრემიის „ოქროს ნიღაბი“ ორგზის მფლობელის, გოგი გეგეჭკორის სახელობის „ქართული ხელოვნების რაინდის“, რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.
1967-1970 წლებში – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1991 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.
თემურ ჩხეიძემ დადგა სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.