ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას პარლამენტი დაამტკიცებს

   უწყებათშორისი კომისიის წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე, ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმების პროექტები განიხილეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტები მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის დელეგაციის და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, მზადდება. სტრატეგია, რომელიც 2014-2020 წლებისათვისაა განკუთვნილი, 7-წლიან პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ხელისუფლების პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სტრატეგიიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში დეტალურად აისახება მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიერ 2014-2015 წლების განმავლობაში განსახორციელებელი კონკრეტული ამოცანები. დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომას ჰამარბერგის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების თანახმად შემუშავდება, მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ევროპული სტანდარტების დანერგვას და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. მთავრობის სამოქმედო გეგმაში სათანადო ყურადღება დაეთმობა როგორც ფიზიკური და პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ისე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს. ორივე დოკუმენტს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მოამზადებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები