ალან გაგლოევი “საქართველოს სპეცსამსახურების” აგენტია? – ე.წ. “კგბ” რუს პოლიტოლოგს პასუხობს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი რუსი პოლიტოლოგის, სერგეი კარნაუხოვის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ალან გაგლოევი სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა, “საქართველოს და აშშ”-ის ინტერესების გამტარებელი იყოს.
ე.წ. კომიტეტში აღნიშნეს, რომ “ეს განცხადება არა მხოლოდ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს, ისევე – როგორც ორი ქვეყნის ძალისხმევას მოხდეს უსაფრთხოების საერთო კონტურის ჩამოყალიბება”.
ე.წ.”კგბ”-ში აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას ალან გაგლოევის “ქართველ და უცხოურ სპეცსამსახურებთან კონტაქტებისა და კავშირების შესახებ”.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რაც გამორიცხავს უმაღლეს საჯარო თანამდებობაზე იმ პირის მოხვედრას, რომლის ბიოგრაფია, შესაძლოა შეიცავდეს უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ნიშნებს“, – ხაზგასმით აღნიშნეს ე.წ. “კგბ”-ში.
ასევე, ე.წ. უწყებაში დასძინეს, რომ “ალან გაგლოევმა კარიერა რესპუბლიკის უშიშროების უწყებებში დაიწყო, არის “კგბ”-ს უფროსი რეზერვის ოფიცერი და ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის აქტიური მონაწილეა, რომლის დროსაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ოჯახმა მძიმე დანაკარგი განიცადა”.
ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. “კბმ”-მ რუსეთის ფსბ-ში მოთხოვნა გაგზავნა ვითარებაში გარკვევის შესახებ.