ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
3 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა, რომელიც პატივს მიაგებს ალექსანდრე ქართველს (ქართველიშვილს), მე-20 საუკუნის წამყვან ავიაკონსტრუქტორს, თავისუფალ მეწარმესა და დემოკრატს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა არის მრავალწლიანი პროგრამის ნაწილი სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის STEM-ის პოპულარიზაციისათვის.
საქართველოს უნივერსიტეტი, ალექსანდრე ქართველის ასოციაციასთან და UG Limes-თან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო რესურსებს საქართველოში და პროგრამებს სწავლისა და ტრენინგისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ალექსანდრე ქართველი დაიბადა 1896 წელს თბილისში. 1920-იანი წლების დასაწყისში ის წავიდა ემიგრაციაში ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა განეხორციელებინა ოცნება, შეექმნა თვითმფრინავები, რომლებიც „შეამოწმებდნენ აერონავტიკული დიზაინის საზღვრებს“.
ქართველს ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი თვითმფრინავების დიზაინი, როგორებიცაა P-47 Thunderbolt (გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში აშშ-ს მიერ), F-84 (გამოიყენეს კორეის ომში და მის შემდეგ NATO-ს ძალებმა) და F-105 (გამოიყენეს ვიეტნამის კონფლიქტში). ყველაზე საყურადღებოა ქართველის A-10 “Warthog”, თვითმფრინავი, რომელიც დღემდე რჩება აშშ-ს საჰაერო ძალების სამსახურში და უკვე მეხუთე ათწლეული მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჰაერო მხარდაჭერაში. ქართველი ასევე თანამშრომლობდა NASA-სთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დიზაინსა და ტექნოლოგიაში, რომელიც გამოიყენება ზებგერითი თვითმფრინავის ძრავისა და კოსმოსური ხომალდის ფრენის დროს.
ღია ღონისძიება გაიმართება 5 ივნისს, 12:00 საათზე. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ,, საკუთარი ხელით შექმნან სხვადასხვა ტიპის საინჟინრო პროექტები და ადგილზე შეისწავლონ მათი დანიშნულება.
ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის შენობის ტერიტორიაზე „რობოტების შეჯიბრში“ რამდენიმე საბავშვო გუნდი ჩაერთვება.