ნინო ლაცაბიძე: ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ პროექტები ვადებში განხორციელდეს და მაქსიმალურად ხარისხიანად იყოს შესრულებული

მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო. კლდიაშვილის ქუჩაზე 35 ათ კვ. მეტრ ფართობზე მულტიფუნქციური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„რუსთავში რამდენიმე ახალი პროექტი დავიწყეთ. დღეს სამსახურებთან ერთად მიმდინარე პროცესს ადგილზე გავეცანით. ჩვენ ძირითად აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ პროექტები ვადებში განხორციელდეს და მაქსიმალურად ხარისხიანად იყოს შესრულებული. სამუშაოები ამ ეტაპზე გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს, ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რომ რაიმე შეფერხება არ იყოს და ყველა პროექტი ვადებში დასრულდეს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

კლდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არაფორმალური განათლების ცენტრი – მედიათეკაც აშენდება. მოეწყობა ქვაფენილი, დასასვენებელი სკამები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მცირე დენდროლოგიური ზონები, ფანჩატურები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ,,სთრით-ბოლის” მოედანი. ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი ჭადრაკის მოყვარულთათვის და მოეწყობა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონაც. სკვერი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 4 256 559 ლარია.

„კლდიაშვილის სკვერი, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მონაკვეთში მდებარეობს და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის თანახმად მიმდინარეობს არა მხოლოდ რეაბილიტაცია, ტერიტორიაზე ასევე აშენდება მედიათეკა, მოეწყობა სხვადასხვა აქტიური დასვენების ზონები, განახლდება ატრაქციონები და რუსთავს კიდევ ერთი ლამაზი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატება”, – განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა კობა ძლიერიშვილმა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მესხიშვილის ქუჩაზე და შარტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო. მესხიშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი სკამები, გარე განათება, გაზონები და სარწყავი სისტემა, სამუშაოების ღირებულება 307 340 ლარია.

ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს შარტავას გამზირის #19-დან მე-20-ე მიკრო რაიონის #1 კორპუსამდე, ტერიტორია დეკორატიული ბეტონის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ველობილიკი, გარე განათება და მწვანე სივრცე. პროექტის ღირებულება 479 439 ლარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები