პრემიერმინისტრი ბრატისლავას სასახლეში გამართულ გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელზეც ფორუმის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების მეთაურები და დელეგატები იყვნენ მიწვეულნი, ბრატისლავას სასახლეში გაიმართა.
დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიაზე, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტრანსატლანტიკური ჯილდო გადაეცა უკრაინელ ხალხს. ჯილდო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და იმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და დემოკრატიაში, უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გადასცა. დღეს ჯილდო ასევე გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ეროვნული ოფისის დირექტორს, ბრიგადის გენერალ კარელ ჟეჰკას.
GLOBSEC 2022-ი დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის 10 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, ფორუმის დელეგატებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.