ოთარ შამუგია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა. 110 წლის წინ, 1912 წელს, საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა იყო. დღეს საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 800 000 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 110 წელია ვიცავთ ბუნებას. ლაგოდეხის ნაკრძალი უნიკალური დაცული ტერიტორია.
სწორედ მისი შექმნით იწყება საქართველოში დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება. ჩვენი ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა, ჰქონდეთ შესაბამისი პირობები”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.