რა ინფექციაა “მაიმუნის ყვავილი” და რა სიმპტომები ახასიათებს – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება
შეიძლება, „მაიმუნის ყვავილის“ ერთეული შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც დაფიქსირდეს, მაგრამ ამას ეპიდემიური ხასიათი არ ექნება და მისი მართვა, გარკვეულწილად, შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გოგინავას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„დღეს იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის გავრცელება ექნება ამ დაავადებას, ცოტა რთულია. ვიცით ვირუსის ბუნება, თუ როგორ ვრცელდება, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „მაიმუნის ყვავილმა“ პანდემიური ხასიათი მიიღოს. კორონავირუსს თუ შევადარებთ, მას ადვილად გადამდებლობა არ ახასიათებს. იმისთვის, რომ ადამიანიდან დავინფიცირდეთ, საკმაოდ მჭიდრო და ახლო კონტაქი უნდა გვქონდეს, თან – რამდენიმე საათის განმავლობაში. მეორე – ზოგადად, ორთოპოქს ვირუსის ჯგუფის დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინები უკვე არსებობს. მათ შორის, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგაც საკმაოდ ეფექტიანია. მესამე- არსებობს ანტივირუსული პრეპარატებიც, რომელიც ორთოპოქს ვირუსების საწინააღმდეგოდ ეფექტურად გამოიყენება, მათ შორის, „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგოდაც. აქედან გამომდინარე, კორონავირუსს თუ შევადარებთ, მისგან განსხვავებით, საწყისი ბევრად განსხვავებული გვაქვს: არის ვაქცინა, მკურნალობის საშუალება, ნაკლებად კონტაგიოზურია. ფართომასშტაბიანი, პანდემიური გავრცელება, დიდი ალბათობით, „მაიმუნის ყვავილს“ არ ექნება.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება, ინფიცირების შემთხვევები საქართველოში დაფიქსირდეს – თეორიულად ამის რისკები არსებობს. ვიცით, რომ ამ დაავადების გავრცელების არეალი თანდათან იზრდებდა და ბევრ ქვეყანაშია უკვე დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ერთეული შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც გვქონდეს, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არაა. ქვეყანაში არსებობს გამონაყრით მიმდინარე დაავადების მართვის პროტოკოლი, ასეთი დავადების მართვის გამოცდილება არის. თუ ჩვენთან ერთული შემთხვევები დაფიქსირდება, ეს პანიკის საფუძველი არ არის. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო: პანიკას არ აყვნენ იმის მიუხედავად, ეს დაავადება ჩვენთან დაფიქსირდება თუ არა. ინფორმირებულები უნდა იყვნენ, თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება: თუ აქვთ მოგზაურობის ისტორია, განსაკუთრებით – იმ ქვეყნებში, სადაც ახლა დაავადებაა გავრცელებული, თუ მოგზაურობის შემდეგ განუვითარდათ ატიპიური გამონაყარი, რომელიც სხვა დაავადებებს არ ჰგავს, აუცილებელია, სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ. რომ შევაჯამოთ: თეორიულად, შეიძლება, „მაიმუნის ყვავილის“ ერთეული შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც დაფიქსირდეს, მაგრამ ამას ეპიდემიური ხასიათი არ ექნება და მისი მართვა, გარკვეულწილად, შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა გოგინავამ.
ინფექციონისტმა განმარტა, თუ რა სიმპტომები აქვს დაავადებას.
„ინფექციას რაც შეეხება: მას საკმაოდ მწვავე დასაწყისი აქვს. ცხელებით მიმდინარეობს. ზოგადი სიმპტომატიკა: ყელის ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, სახსრების, კუნთების ტკივილი. სიმპტომების დაწყებიდან მესამე-მეოთხე დღეს გამონაყარი ვლინდება. გამონაყარი პოლიმორფულია. თავიდან შეიძლება, კვანძოვანი იყოს, შემდეგ კი ე.წ ბუშტუკოვანი გამონაყარი გაჩნდეს. რაც შეეხება გადადების გზებს: არის კონტაქტური გზა, როგორც ცხოველთან, ისე – დაინფიცირებულ ადამიანთან, მეორეა წვეთოვანი გზა, მას საკმაოდ ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდება. მიმდინარეობს კვლევების იმის შესახებ, თუ რამდენად ხდება დაავადების გადაცემა სქესობრივი გზით“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
ალექსანდრე გოგინავამ განმარტა, თუ რა ინფექციაა „მაიმუნის ყვავილი“.
„ეს ახალი ინფექცია არაა. ვირუსი საკმაოდ დიდი ხანია, არსებობს. ადამიანებში პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. მას შემდეგ აფრიკის კონტინენტზე შემთხვევები, ეპიდაფეთქებები იყო. ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. შემთხვევების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, რაც ყვავილის ვაქცინაცია აღარ ხდებოდა. ვიცით, რომ ყვავილის ვაქცინა, მეტ-ნაკლებად, „მაიმუნის ყვავილისგანაც“ იცავს. ეს ვირუსი აფრიკის კონტინენტზე, ძირითადად, ენდემურად იყო გავრცელებული. აფრიკის კონტინეტის გარეთაც ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ხოლმე. თუმცა, ყველა ამ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულ, აფრიკიდან ჩამოყვანილ ცხოველთან ან ადამიანთან, ან აფრიკაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემთხვევების რაოდენობა იყო მაქსიმუმ ათეული, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია მალევე ხდებოდა ხოლმე. ეს დაავადება ენდემურ კერას არ სცილდებოდა, გლობალური საფრთხის გამომწვევად ნაკლებად მიიჩნეოდა, თუმცა, ყოველთვის ფასდებოდა, როგორც განსაკუთრებით საშიში ინფექცია. ამჟამინდელი შეშფოთება, გარკვეულწილად, გამოწვეულია იმით, რომ საკმაოდ ბევრი, რამდენიმე ასეული შემთხვევა ენდემური კერის, ანუ აფრიკის კონტინენტის გარეთაა დაფიქსირებული. ძირითადად, არის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, კანადაში და ძირითად შემთხვევებში ინფიცირებულ ადამიანებს აფრიკასთან კავშირი არ აქვთ. ეს არის ზუსტად მთავარი კითხვა, რაზეც ახლა კვლევები მიმდინარეობს: თუ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი არაენდემურ კერაში ამ დაავადების გავრცელებას. არის სხვადასხვა თეორია და მოსაზრება, მაგრამ ჯერ მტკიცებულებაზე დაყრდონობით საუბარი ცოტა რთულია იმის შესახებ, თუ რატომ გავრცელდა ეს ინფექცია არაენდემურ კერაში“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
თამუნა შეყილაძე