რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ასეთი მოლაპარაკებები წინასწარ უნდა მომზადდეს.
როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინასთან სამშვიდობო დოკუმენტზე მუშაობა დიდი ხნის წინ შეჩერდა და არ გაგრძელებულა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებში, ხერსონში, ზაპორიჟიესა და დონბასში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი „საუკეთესო გადაწყვეტილებას“ მიიღებენ.
მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ რეგიონების ანექსია ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაასრულებს.