ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტი პროექტის -„მოსწავლეები გადაწყვეტილებებისთვის” – განხორციელებას იწყებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტი პროექტის -„მოსწავლეები გადაწყვეტილებებისთვის” – განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანია ბავშვების ჩართულობის გაძლიერება მათთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს და დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„მნიშვნელოვანია, რომ პატარა ასაკიდანვე, როდესაც ბავშვები გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობენ, ჩვენც მივეხმაროთ, რათა, ისინი ერთის მხრივ, პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ საკითხებს და მეორეს მხრივ, დაინახონ, რომ მათ ცხოვრებაზე საკუთარი გადაწყვეტილებებით გავლენის მოხდენა შეუძლიათ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საზოგადოებას ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით სერგეენკომ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ პრეზენტაციის მონაწილეებს ინიციატივის იდეის არსი და განხორციელების გზები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ბავშვთა ჩართულობის, მათი აზრის მოსმენისა და გათვალისწინების მნიშვნელობაზე საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად. კომიტეტის თავმჯდომარემ პროექტის პარტნიორებს დაინტერესებისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა. „მინდა მივულოცო ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე და მადლობა გადავუხადო, ყველას, ვინც ინიციატივაზე ჩვენთან ერთად იმუშავა. მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ჩართულობას, განსაკუთრებით, ბავშვების, როგორც საზოგადოების წევრების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებისას,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, კომიტეტის მხრიდან მსგავსი ინიციატივები ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის, დავით სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბავშვთა ჩართულობა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური მუხლია. „ბავშვები ჩართულები უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც თანაბარი პარტნიორები. უკვე მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ასე უნდა იყოს. ეს ინიციატივაც სწორედ ამ გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი სამაგალითოა ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქმიანობის თვალსაზრისით.

„იუნისეფი ნამდვილად ამაყობს, კმაყოფილია და ასევე მოხარული ვართ ამ არაჩვეულებრივი თანამშრომლობით საქართველოს პარლამენტთან. იუნისეფსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობა გახდა მაგალითი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობასა და პარტნიორობას აღნიშნულ ჭრილში. ამ ახალი ინიციატივით მოვუსმინოთ ახალგაზრდებს და მივცეთ მათ შესაძლებლობა, უფრო მეტად იყონ ჩართულები, უფრო მეტად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მქონდა პატივი, შევხვედროდი ძალიან ბევრ პარლამენტარს და მესაუბრა მათთან ბავშვთა უფლებებზე. გამაოცა მათმა თავდადებამ და იმ წვლილმა, რომელიც მათ შეაქვთ აღნიშნული მიმართულებით,”- განაცხადა ღასან ხალილმა.

პროექტი საქართველოში მოქმედი ყველა სკოლის მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღოს ხმის მიცემის პროცედურაში და მხარი დაუჭიროს მის ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას. გამარჯვებული ინიციატივების გამოვლენის შემდეგ, პარლამენტი, პარტნიორებთან ერთად მათ განხორციელებაზე იმუშავებს, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების გზით. პროექტის საპილოტე ვერსიით გათვალისწინებულია აქტივობების ერთ წლიანი ციკლი. ინიციატივის მთავარი პარტნიორები იქნებიან: პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები