მთავრობის ანგარიში: „კულტურის კოდექსის“ პროექტი კულტურის ყველა სფეროს დაარეგულირებს

“საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა „კულტურის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს კულტურის ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. ასევე მუშაობა მიმდინარეობდა თეატრებისა და სახელოვნებო განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებზე”, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

“კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცდა „კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესი“, რომელიც ითვალისწინებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების დაფინანსების განახლებულ მიდგომებს. ასევე შემუშავდა და დამტკიცდა „კულტურის ხელშეწყობის პროგრამა“, რომლითაც განისაზღვრა 11 პრიორიტეტული მიმართულება წიგნისა და ლიტერატურის, თეატრის, კინოს, სახვითი და თანამედროვე ხელოვნების, სახელოვნებო განათლების, ქართული ფოლკლორის განვითარების მიმართულებით, კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და კულტურაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით. 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 46 კონკურსის შედეგად, დაფინანსდა 460-მდე პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, განხორციელდა 50 არასაკონკურსო წესით დაფინანსებული პროექტი. 2022 წელს, კულტურის სფეროს მზარდი მოთხოვნების შესაბამისად, გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და ქვეპრიორიტეტების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს 36 საკონკურსო, 57 არასაკონკურსო და 4 სატენდერო ღონისძიებას. მიმდინარე წელს 23 კონკურსი ჩატარდა, საიდანაც 160-მდე პროექტი დაფინანსდა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიქმნა გენერალური ინსპექცია, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვა წარმოადგენს.

ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა და მიმდინარეობს 26-მდე მცირე და მსხვილი ინფრატსრუქტურული პროექტი, მათ შორის, სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის − „ერისიონის“ შენობა-ნაგებობის, სსიპ − ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ღია ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცის მოწყობის, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი შენობის, სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის, სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების − ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ შენობისა და სხვა საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლის − კულტურის ისტორიის მუზეუმისა და სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში ახალი შენობების შეძენა, სსიპ − ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ძველი შენობის საინჟინრო/კონსტრუქციული კვლევა და გამაგრების პროექტის მომზადება. გრძელდება ლევილის ქართულ მამულში დაგეგმილი პროექტის − პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის მშენებლობა. ასევე განხორციელდა მამულის ქონების ინვენტარიზაცია”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები