სამთავრობო ანგარიში: გრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკა

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის სიღარიბისა და სოციალური რისკების პრევენციის/შემცირების მიზნით, ქვეყანაში უწყვეტად ხორციელდება სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით, საარსებო შემწეობით, სოციალური პაკეტით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ბენეფიტებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალური შეღავათებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე ოჯახების (ოთხი და მეტი 18 წლამდე ბავშვი) ელექტროენერგიის ყოველთვიური შეღავათით, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით უზრუნველყოფა.

ანგარიშის მიხედვით, ასევე მიზნობრივი ჯგუფებისათვის გრძელდება სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამები. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, 2021 წელს ამოქმედებული პენსიის ინდექსაციის წესის თანახმად, 2022 წლიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის სახელმწიფო პენსია გაიზარდა 20 ლარით და შეადგინა 260 ლარი, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთათვის განხორციელდა პენსიის 25-ლარიანი მატება და პენსია განისაზღვრა 300 ლარით. სახელმწიფო პენსიის მატების პარალელურად, ავტომატურად გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაცია (არა უმეტეს კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვრისა) და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცა გაზრდილი ოდენობის დანამატი. 2022 წლიდან გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტის ოდენობა და განისაზღვრა 275 ლარით. შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებმა და შშმ ბავშვებმა მიიღეს გაზრდილი ოდენობის დანამატი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის, რომლებიც იღებდნენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას/სოციალურ პაკეტს 22 ან 44 ლარის ოდენობით, აღნიშნული გასაცემელი განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით. 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა ბავშვის ბენეფიტი და შეადგინა 100 ლარი, ამასთან, 100 001-იდან 120 001-მდე გაიზარდა ბავშვის ბენეფიტის მისაღები ზღვრული ქულა. მიმდინარე წლის ივნისის თვიდან 50 ლარით კვლავ გაიზრდა ბავშვის დახმარების ოდენობა და შეადგენა 150 ლარი. დაახლოებით 220 000 ბავშვი ამ თვეში უკვე მიიღებს დახმარებას. სტაბილურად გრძელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტის ზრდა − მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 52 მლნ ლარით, რაც 12 მლნ ლარით მეტია გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით. პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება სხვადასხვა მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რიგ მომსახურებებში გაიზარდა მომსახურების ვაუჩერის ფასი (მაგ.: დღის ცენტრებში, ადრეული განვითარების, ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში), გაიზარდა მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, ცალკე გამოიყო 2 წლამდე ასაკის მინდობით აღზრდა, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა.

გრძელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს განხორციელდა 3130 დევნილი და 278 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლება, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში კი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ იქნა 1200-ზე მეტი დევნილი და 150 ეკომიგრანტი ოჯახი”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები