„ალავერდობა” – ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმის აღდგენილ ვერსიას უჩვენებენ

4 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოთეატრი გიორგი შენგელაიას ფილმის „ალავერდობის” ჩვენებას უმასპინძლებს (აღდგენილი ვერსია). ფილმი გადაღებულია 1962 წელს.
ოკლე აღწერა: გურამი უძველესი რელიგიური დღესასწაულის, ალავერდობის სანახავად კახეთში ჩადის. ახალგაზრდას მოლოდინი არ მართლდება: ცხენოსანთა ჯირითის, ფალავანთა შერკინებისა და სახალხო დღესასწაულის ნაცვლად ტაძრის ეზოში შეკრებილი ღამენათევი და ნამთვრალევი ხალხი ხვდება. გურამი აცნობიერებს, რომ რელიგიურმა დღესასწაულმა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა და ღრეობად იქცა. იმედგაცრუებული ახალგაზრდა პროტესტის ნიშნად ცხენს გაიტაცებს და ბრბოში შევარდება, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით ახერხებს მოქეიფეთა გამოფხიზლებას.
 მთავარ როლებში:
• გეიდარ ფალავანდიშვილი – გურამი;
• კოტე დაუშვილი – ლეკი;
• ირაკლი ქოქრაშვილი – გამყიდველი;
• ნოდარ ფირანიშვილი – დალაქი;
• კოტე თოლორაია – ქისტი;
• ლეო ბალისევიჩი – მძღოლი.

ცნობისათვის:  მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, წარმოდგენილი იქნება რეტროსპექტივა –  „60-იანი წლების ქართული კინო”.
ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრების აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი პირველად ნახავს.
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 38.
60-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, გიორგი კაკაბაძის ხელმძღვანელობით.

კინოჩვენებები ჩატარდება ეროვნული არქივის კინოდარბაზში და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები