მუსიკოსი და პედაგოგი ალექსანდრე თორაძე 70 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი ალექსანდრე თორაძე 70 წლის გახდებოდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე თორაძე გახლდათ გამორჩეული ქართველი მუსიკოსი.
„მან განათლება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1969 წელს ის გახდა მუსიკოს – შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი, ასევე 1975 წელს მიენიჭა კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე II პრემიით დაჯილდოვდა.
ალექსანდრე თორაძე 1983 წლიდან ცხოვრობდა და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის აღიარებული იყო თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. მის საშემსრულებლო სტილს ახასიათებდა მასშტაბურობა, რომანტიკულობა, არტისტული ტემპერამენტი. მუსიკოსის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავდა სხვადასხვა კლასიკური ჟანრის ნაწარმოებებს. მან აღიარება მოიპოვა ვ.მოცარტის, ფ.ლისტის, ს.პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, ი. სტრავინსკის, პ. ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებთა უბადლო შესრულებით.
ალექსანდრე თორაძე თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ დირიჟორებთან და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებში ლონდონში, ჩიკაგოში, ზალცბურგში, ედინბურგში, როტერდამსა და სხვა დიდ ქალაქებში. 1991 წელს მუსიკოსი გახდა საუთ-ბენდის უნივერსიტეტის პროფესორი და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.
ალექსანდრე თორაძე 11 მაისს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ალექსანდრე თორაძის წვლილს ქართული კულტურის განვითარებაში და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები