ირაკლი ბერაია: საქართველომ ალიანსთან თავსებადობის უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია
“გვაქვს იმედი, რომ იქნება ნატოს მხრიდან საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებსა და კონკრეტულ საგზაო რუკაზე, თუ რა გზით უნდა იარონ ნატოს ასპირანტმა სახელმწიფოებმა. მკაფიო გზის განსაზღვრა საჭიროა, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს ასპირანტების ალიანსში ინტეგრაცია და მომეტებული საფრთხეებისგან გადაფარვა ალიანსის ქოლგით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ “ქრონიკას” განუცხადა.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ანგარიშებში საქართველო ნახსენებია ღია კარის პოლიტიკის – თავდაცისუნარიანობისა და მედეგობის გაძლიერების კონტექსტში. ჩვენი ქვეყანა ტრადიციულად იკავებს ძალიან მნიშვნელოვან ადგილს, არამარტო ნატოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ჩვენი მოკავშირეების დღის წესრიგში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ ველოდებით ორი დეკლარაციის მიღებას, სადაც სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერები. ალიანსის ყველა მოკავშირე ამბობს, რომ საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ მიმართულებას. ქვეყანამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ველოდებით, რომ ნატოს ყველა წევრი კარგად გააცნობიერებს საფრთხეებს, რაც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს და რა შეიძლება მოჰყვეს გაბედული გადაწყვეტილებების დაყოვნებას. გვაქვს იმედი, რომ იქნება ნატოს მხრიდან საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებსა და კონკრეტულ საგზაო რუკაზე, თუ რა გზით უნდა იარონ ნატოს ასპირანტმა სახელმწიფოებმა. მკაფიო გზის განსაზღვრა საჭიროა, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს ასპირანტების ალიანსში ინტეგრაცია და მომეტებული საფრთხეებისგან გადაფარვა ალიანსის ქოლგით.
საქართველო ასრულებს ზედმიწევნით საშინაო დავალებას, რაც განსაზღვრულია ალიანსი გაწევრიანების ინსტრუმენტების ფარგლებში. ნატოს გენმდივანს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველო ფლობს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტსა და ამ ინსტრუმენტებით აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ასპირანტი ქვეყანა. საქართველომ მიაღწია ალიანსთან თავსებადობის უპრეცედენტო ნიშნულს. საქართველო აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის ერთადერთი რამ, რაც აშორებს საქართველოს სრულუფლებიან წევრობას ნატოში. პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის გვჭირდება ალიანსის ყველა წევრის კონსენსუსი, რათა ქართველი ხალხის მაღალი ნება, რაც ნატოში საქართველოს გაწევრიანებაა, სისრულეში მოვიდეს“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.