ირაკლი კობახიძე: ქართულ პოლიტიკას გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები ჰყავს – ჯაყოებში სააკაშვილია ჩემპიონი, თეიმურაზ ხევისთავებში უსუფაშვილი
უბრალოდ სირცხვილია, როცა უსუფაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა არის უფრო მიუღებელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვიდრე მაგალითად, 2004-2012 წლები. ეს არის უბრალოდ სირცხვილი და უკადრებელი რამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები, ჯაყოებში ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში – დავით უსუფაშვილი.
“კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ იგივე უსუფაშვილის მხრიდან ომის თემასთან დაკავშირებით. „ომის პარტიას“ გვეძახიან და ეს კომპლიმენტადაც შეგვიძლია, მივიღოთო. არის აღიარებითი ჩვენება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი, რაც ამოძრავებს ამ ხალხს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამას. შანსები გაგვიჩნდაო, ომის კონტექსტში ახსენა ბატონმა დავითმა. ნათელია, რა არის მათი რეალური განზრახვა და რეალური მიზანი. ბატონ დავითზე დიდ ხანს არ ღირს საუბარი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ არის ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.