ნინო მიქიაშვილი: საგანძური ხელოვნების მუზეუმის შენობაში უნდა დარჩეს და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც დამთვალიერებლისთვის, ისე – მომლოცველისთვის

საგანძური ხელოვნების მუზეუმის შენობაში უნდა დარჩეს და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც დამთვალიერებლისთვის, ისე – მომლოცველისთვის, – ამის შესახებ “საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის” წევრმა, ნინო მიქიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგანძურის ხელოვნების მუზეუმის შენობაში დარჩენის შემთხვევაში, მისი დაზიანების რისკები მინიმუმამდე დადის.

“საგანძური ხელოვნების მუზეუმის შენობაში უნდა დარჩეს და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც დამთვალიერებლისთვის, ისე – მომლოცველისთვის.

ამით საგანძურის დაზიანების და უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდე დადის.

თუ საფრთხე შეექმნება საგანძურის მთლიანობას და რისკის ქვეშ დადგება მისი დაზიანებისა და უსაფრთხოების საკითხები, ამაზე კონკრეტული სახელებითა და გვარებით საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებ და გულხელდაკრეფილი არ ვიქნები. ღიად ვამხელ მას, ვინც, მაგალითად, ეკლესიის სახელით, პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.

საგანძურის აღწერა დასასრულისკენ მიდის. მალე დაიწყება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის გაძლიერება. ამ პროცესის დროს საგანძური არ უნდა გასცდეს ხელოვნების მუზეუმს. მით უმეტეს, უკვე საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით გარემონტდა ხელოვნების მუზეუმის, ბატონ ვოვა ქურთიშვილის პროექტით, 80-იან წლებში აშენებული კორპუსის ორი სართული (გუდიაშვილის ქუჩის მხრიდან); უახლოეს პერიოდში შენობის დარჩენილი ნაწილი ასევე საერთაშორისო სტანდარტით გარემონტდება, ამისთვის სახელმწიფომ სოლიდური თანხა, 10 მილიონი ლარი გამოყო. სწორედ ამ სივრცეში უნდა გადავიდეს საგანძური, სადაც მოეწყობა როგორც საცავი, ისე – საგამოფენო დარბაზები, რომელიც დამთვალიერებლისთვის, მომლოცველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის გეგმა წარსულს უნდა ჩავაბაროთ და წინ, მომავლისკენ გავიხედოთ. ჩვენი საგანძურის შეუვალმა და თავდადებულმა მცველმა, ქალბატონმა ელენე კავლელაშვილმა, ჩვენი პატრიარქის მფარველობით, მისი კურთხევით, მისი მხარდაჭერით საგანძური ჩვენამდე მთლიანი და უვნებელი მოიტანა. მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ელენე ღიად ეწინააღმდეგებოდა დავით ლორთქიფანიძის გეგმას – საგანძურის ჯანაშიას მუზეუმის ნულ სართულზე გადატანას. ელენე კავლელაშვილი ამ მავნებლური გეგმის განხორციელებას შეეწირა.

ქალბატონი ელენე ამ ქვეყნად აღარ არის, მაგრამ აქ ვართ ჩვენ, ვინც მას საგანძურის დაცვაში ვეხმარებოდით. საგანძურის დასაცავად ჩვენ იმ გზით სიარულს ვაგრძელებთ, როგორითაც დღემდე მოვედით. ჩვენს შეუვალ პოზიციაზე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ – საგანძური უნდა დარჩეს ხელოვნების მუზეუმის შენობაში და ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც დამთვალიერებლისთვის, ისე – მომლოცველისთვის”, – განაცხადა მიქიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები