თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „სიმფონიური მუსიკის კონცერტი“ გაიმართება

29 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება „სიმფონიური მუსიკის კონცერტი“, სადაც აჟღერდება ყველასათვის საყვარელი ნაწარმოებები.
როგორც „კვირას“ თბილისის ოპერსი თეატრიდან აცნობეს, თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი შეასრულებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-7 სიმფონიას და ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონიას.
„სადირიჟორო პულტთან იქნება საერთაშორისო საოპერო ჯილდოს (International Opera Awards) 2016 წლის გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ახალგაზრდა დირიჟორი – ჯაკომო საგრიპანტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად არის მიჩნეული. ეს მისი მეორე ჩამოსვლაა საქართველოში. თბილისის ოპერის თეატრში მან პირველად 2019 წელს ვერდის „დონ კარლოსის“ საპრემიერო სპექტაკლს უდირიჟორა. მომდევნო სეზონიდან ჯაკომო საგრიპანტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური დირექტორი იქნება.
ჯაკომო საგრიპანტის სადირიჟორო კარიერა იტალიასა და გერმანიაში დაიწყო. მალევე, ევროპის უმნიშვნელოვანესი თეატრების ყურადღება მიიქცია. მისი გამოსვლები დრეზდენის ზემპერ-ოპერაში („კონკია“), ვენეციის ლა ფენიჩეში („მადამ ბატერფლაი“), ციურიხის ოპერაში („სიყვარულის ნექტარი“), მოსკოვის „ბოლშოი“ თეატრში („დონ კარლოსი“), პარიზის ოპერაში („სევილიელი დალაქი“, „კონკია“, „კაპულეტები და მონტეკები“),სევილიის თეატრში La Maestranza („კონკია“,) ვალენსიის დედოფალ სოფიას ხელოვნებათა სასახლეში (Stabat Mater), ლონდონის სამეფო საოპერო თეატრში (დონ პასკუალე), უმნიშვნელოვანეს ფესტივალებზე (როსინის საოპერო ფესტივალი, Arena di Verona) წარმატებით სარგებლობდა როგორც მაყურებლებს, ისე კრიტიკოსებს შორის.
ჯაკომო საგრიპანტი მუდმივად ასრულებს სიმფონიურ რეპერტუარს და რეგულარულად იღებს მიწვევებს სხვადასხვა პრესტიჟული ორკესტრის სიმფონიურ სეზონებზე, მათ შორის არიან: სევილიის ROSS, ვენეციის Filarmonica Fenice, ჰესენის ფილარმონიული, ტურინის RAI-ს ორკესტრი, ჰაიდნის ორკესტრი ბოლცანოსა და ტრენტოში და ა.შ.
აღსანიშნავია მისი ბოლო გამოსვლები ლონდონის სამეფო ოპერაში – „ტრავიატა“, „ლუჩია დი ლამერმური“, ვენის სახელმწიფო ოპერაში „ანა ბოლენა“, ვერტერი“ და „კონკია“, ამასთანავე, პარიზის ოპერაში „რიგოლეტო““, – აღნიშნულია ოპერის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები