ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – რომეო მიქაუტაძე COP 26 რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში, დევიდ მორანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში, კლერ ოლბლესსა და COP 26 (გაერო-ს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენცია) რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში, დევიდ მორანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და მთავრობის პოლიტიკას გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ გლაზგოს კონფერენციის მიზნებთან მიმართებით.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში რესურსების დივერსიფიკაციაზე, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) ათვისების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე აღნიშნა შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული ენერგოეფექტურობის დიდი პოტენციალი და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით ამ პოტენციალის ათვისების მნიშვნელობა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემების განვითარების პერსპექტივები საქართველოში, განახლებადი ენერგეტიკის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზები.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის განვითარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, საუბარი იყო, ზოგადად, ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელოვან როლზე ემისიების შემცირების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები