გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, ცვლილებები კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობის გაფართოებას ითვალისწინებს.
„ამ კანონპროექტის მიზანია, რომ ჩვენ შევძლოთ და დავიცვათ ზუთხისებრთა ის სახეობები, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე არიან და დაცულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით და კონვენციებით. გაფართოების ჯამური ფართობი შეადგენს 671,5 ჰექტარს. აქედან დაახლოებით 196 ჰექტარი მოიცავს სახმელეთო ტეროტორიას, ხოლო 475 ჰექტარი – საზღვაო აკვატორიას. ეს უზრუნველყოფს ამ სახეობების, რომლებსაც მაღალი კონსერვაციული სტატუსი აქვს, დაცვას და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა ბერნის კონვენცია, ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია, რამსარის კონვენცია. კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებს მინიჭებული აქვს იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი, შესაბამისად, ამ ტერიტორიების გაფართოება და მათთვის დამატებით დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მათ შორის, საქართველოს მხრიდან იუნესკოს ამ აღიარების შემდეგ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ტენდენცია იმისა, რომ დაცული ლანდშაფტები შეიქმნას, მზარდია და კომიტეტი ამ ტენდენციას ყოველთვის მიესალმება. კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.