ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ჩართულობა წლიდან წლამდე იზრდება. ამის შესახებ არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკონომისტი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.
„მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ჩართულობა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკის მოცულობასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან, თითქმის ¾-ის დონეზეა და თუ ამას საშუალო, მსოფლიო მაჩვენებელს შევადარებთ, ჩვენ ანალოგიურ მსოფლიო მაჩვენებელს საკმაოდ გავუსწარით, დაახლოებით, სულ ცოტა, 23 პროცენტული პუნქტით.
მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი ჩართულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე – საშუალოდ, მთელ მსოფლიოში. ეს ბოლო თვეების მიხედვითაც დასტურდება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში, ჩვენთანაც და ზოგადად მსოფლიოშიც, ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა წარმოიშვა. ცნობილი გამოთქმაა „შავი გედის“ ეფექტი, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკაში დისონანსი ჯერ covid 19 – ის სახით შემოიტანა, წლის დასაწყისში კი ეკონომიკურ პროცესებზე უკრაინაში მიმდინარე ომმა იმოქმედა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება. სასიხარულო და საამაყოა, რომ ამ ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობა დინამიკურად იზრდება. თუ შევადარებთ ეკონომიკის ზრდის ტემპს არათუ რეალურ, არამედ ნომინალურ განზომილებაში, ჩვენი საგარეო ვაჭრობა, კერძოდ ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად იზრდება. ამას ხელი ვერ შეუშალა იმ მოვლენებმა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის განვითარდა. თვალი რომ გადავავლოთ, ბოლო 4 თვის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინასთან ჩვენი ექსპორტი შემცირდა, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოს თუ ავიღებთ, ჩვენი ექსპორტის ზრდა თითქმის 49,7%-ითაა. ანუ ადგილი აქვს ქართული ეკონომიკის საგარეო ექსპანსიას, მის დივერსიფიცირებას. ჩვენ გავდივართ ისეთ ბაზრებზე, სადაც აქამდე ან ნაკლებად ვიყავით წარმოდგენილი ან საერთოდ არ ვიყავით. აღსანიშნავია, რომ „ტრადიციული“, ჩვენი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაცვლად, სამრეწველო გადამუშავების პროდუქცია მოწინავე ადგილს იკავებს. ესაა ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, რიგი სხვა სამრეწველო ხასიათის პროდუქცია. აგროსასურსათო პროდუქციის ხაზითაც წარმატებები გვაქვს. მთლიანობაში პოზიტიური ტენდენციაა.
განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ექსპორტში წამყვანი ადგილი ადგილობრივი წარმოების ექსპორტს უკავია. დაახლოებით, 77, 5 % ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.
თუ პოზიტიურ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, რაც უკავშირდება საგარეო კავშირ-ურთიერთობებს, არა მარტო ვაჭრობას, არამედ მომსახურების ექსპორტს, ფულად ტრანზაქციებს და რიგ სხვა ასპექტებს, შეიძლება, წლის დასაწყისში გამოთქმულ ვარაუდთან შედარებით, ეკონომიკის კიდევ უფრო სოლიდური ზრდა ვივარაუდოთ. ეს დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნას, მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის ზრდას, ბევრი სოციალური პრობლემის უფრო ეფექტიან და სისტემურ გადაწყვეტას ნიშნავს“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).