ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ზაფხულში ლარი უფრო მეტად გამყარდება. ამის შესახებ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ზაფხულის პერიოდი მოდის და ჩვენთვის ტურისტულად საკმაოდ დატვირთული სეზონია. ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგი გვაქვს. პანდემიის დროს ბევრი რაღაც გადაეწყო. ბევრი ახალი სასტუმრო, ინფრასტრუქტურა მოეწყო. დღეს ტურისტების მისაღებად უფრო მზად ვართ, ვიდრე, მაგალითად, 2019 წელს. ველოდები, რომ ზაფხულში ბევრი ტურისტი შემოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის დიდი მოხმარება იქნება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ აისახება. ტურისტები უცხოურ ვალუტას შემოიტანენ. უცხოური ვალუტის შემოდინება ნიშნავს იმას, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდება. ლარის დასტაბილურება უფრო მეტად ზაფხულის პერიოდშია მოსალოდნელი. ვფიქრობ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ზაფხულში ფასები არ გაიზრდება. პირიქით, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად დასტაბილურდეს“, – განაცხადა ანგურიძემ.
მისივე თქმით, ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში გამოწვევად რჩება.
„ვხედავთ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში პერიოდულად აქციები სწორედ ფასებთან დაკავშირებით იმართება. ფასების ზრდა ამ წლის გამოწვევაა არათუ საქართველოსთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსათვის. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის პანდემიიდან გამოყოლილი ტრენდი, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და გაზრდილია ფასები. ამას ევროპის კონტინენტზე ომი დაემატა, რომელმაც ბევრი მიმართულებით გარკვეული სახის დეფიციტები წარმოქმნა. ეს ეხება როგორც ნავთობპროდუქტებს, გაზს, ასევე, საკვებ პროდუქტებსაც. რუსეთიც და უკრაინაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და ფქვილის პროდუქტების საკმაოდ დიდი ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ. ამ სამმა ძირითადმა პროდუქტმა, ჯაჭვისებური პრინციპით, ბევრი მიმართულებით ფასების ზრდის შენარჩუნება გამოიწვია. ეს დინამიკა ჩვენს სამეზობლოში, თურქეთშიც, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც შეიმჩნევა. გერმანიაში, ბრიტანეთსა და ამერიკაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ფასების ზრდის მაქსიმალური ზღვარი დაფიქსირდა. ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია. როცა მსოფლიო ფასებზე, ამ დინამიკაზე ვსაუბრობთ, ფასების ზრდაც და ეს ნეგატიური ფონიც, ბუნებრივია, ჩვენთანაც აისახება.
თუმცა, ჩვენთან შედარებით საიმედო სიტუაცია გვაქვს, რადგან რუსეთის გაზზე დამოკიდებული არ ვართ. გაზის ნაწილში აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული, გაზის მოწოდებაზე გრძელვადიანი, დაბალტარიფიანი ხელშეკრულება გვაქვს.
რაც შეეხება ნავთობროდუქტებს. ჩვენთან მაღალი ფასი ისევ შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ბოლო პერიოდში ფასების შემცირება დაიწყო. სამწუხაროდ, ეს ტრენდი, რომელიც ომის დაწყების საწყის ფაზაში დაფიქსირდა, დღემდე მოგვყვება. იმედია, ეს შეიცვლება და ფასთან მიმართებით გარკვეული სახის ცვლილებები მოხდება. ამაში მთელი სამთავრობო გუნდია ჩართული, შესაბამისი განცხადებები გაკეთდა და ყველანაირი ლოგიკით, ამ ყველაფერს ნავთობკომპანიების მხრიდან შესაბამისი ქმედებაც უნდა მოჰყვეს.
სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგ სიტუაციაში გვაყენებს ის გარემოება, რომ ჩვენთან ეროვნული ვალუტის კურსი გამყარებისკენაა ორიენტირებული. როცა ვსაუბრობთ ფასების ზრდასა და ვალუტის კურსზე, ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. ერთმანეთზე გავლენას ყოველთვის არ ახდენს. ლარის გაუფასურება არის რისკი იმისა, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდოს, ეს განსაკუთრებით იმპორტირებულ პროდუქციას ეხება. მაგრამ, პროდუქციაზე ფასების ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ლარის გაუფასურებას გამოიწვევს. ლარის კურსის დადგენის ნაწილში სხვა კომპონენტები ერთვება.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამ შეიძლება, ლარის გამყარების ტენდენციაზე გავლენა მოახდინოს, ეს, პირველ ყოვლისა, არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა არხით უცხოური ვალუტის, დოლარის შემოდინება გაზრდილია. ესაა ფულადი გზავნილები, ასევე ინვესტორების მხრიდან შემოტანა“, – განაცხადა ანგურიძემ.
მისივე თქმით, ექსპორტის და იმპორტის ნაწილში საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს.
„დღეს საგარეო ვაჭრობის შესახებ ახალი მონაცემები გამოქვეყნდა. ექსპორტის და იმპორტის ნაწილში საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ექსპორტი საკმაოდ გაზრდილია, განსაკუთრებით – პირველ 4 თვეში. ცალკე აპრილის მაჩვენებელშიც საკმაოდ მკვეთრი ზრდაა. პრაქტიკულად, რეკორდულ მაჩვენებლებზე ვართ გასული. მეორე მხრივ, იმპორტის ზრდაც გვიფიქსირდება. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იმპორტზე დამოკიდებულები ვხდებითო. ასე არაა. იმპორტი გვეზრდება, მაგრამ ამას ძალიან დიდი დადებითი მხარე აქვს. გვეზრდება იმიტომ, რომ ქვეყანაში მოთხოვნა ჩნდება. მოთხოვნა როცა ჩნდება პროდუქციაზე, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა იზრდება. ანუ ეკონომიკა გაზრდილი გვაქვს.
სახეზეა ექსპორტის ზრდის დინამიკა. ექსპორტი, დაახლოებით წელიწად-ნახევარია რაც რეკორდულად იზრდება. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში ეტაპობრივად საკმაოდ მაღალი რიცხვები ჯდება. ასეთი სწრაფი ზრდა, ამ მოცულობის ექსპორტის ზრდა არ გვქონია. ეს ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გამყარების ტენდენციას პირდაპირ უწყობს ხელს.
ჩვენმა ექსპორტიორებმა ამ ომის პერიოდში რუსეთის და უკრაინის ბაზრები დაკარგეს, რაც ქართული პროდუქციის გასაღების ნაწილში ორივე მსხვილი ბაზარი იყო. განსაკუთრებით რუსეთის ბაზარი. თუმცა, მათ სხვა ალტერნატიული ბაზრები აითვისეს, თანაც იმდენად სწრაფად, რომ ჩვენი ექსპორტის დინამიკა არათუ შემცირდა, არამედ რეკორდულად გაიზარდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი მწარმოებლები ქართულ პროდუქციას ისეთი სტანდარტით უშვებენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა არ გაუჭირდეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს პროცესები ლარის კურსის გამყარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. იმედს ვიტოვებთ, რომ პროდუქციაზე ფასების ზრდის დინამიკაც შემცირდება და დასტაბილურდება, რაც დღეს დიდი გამოწვევაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ანგურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).