ექსპორტის და იმპორტის ნაწილში საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანგურიძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.
„დღეს საგარეო ვაჭრობის შესახებ ახალი მონაცემები გამოქვეყნდა. ექსპორტის და იმპორტის ნაწილში საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ექსპორტი საკმაოდ გაზრდილია, განსაკუთრებით – პირველ 4 თვეში. ცალკე აპრილის მაჩვენებელშიც საკმაოდ მკვეთრი ზრდაა. პრაქტიკულად, რეკორდულ მაჩვენებლებზე ვართ გასული. მეორე მხრივ, იმპორტის ზრდაც გვიფიქსირდება. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იმპორტზე დამოკიდებულები ვხდებითო. ასე არაა. იმპორტი გვეზრდება, მაგრამ ამას ძალიან დიდი დადებითი მხარე აქვს. გვეზრდება იმიტომ, რომ ქვეყანაში მოთხოვნა ჩნდება. მოთხოვნა როცა ჩნდება პროდუქციაზე, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა იზრდება. ანუ ეკონომიკა გაზრდილი გვაქვს.
სახეზეა ექსპორტის ზრდის დინამიკა. ექსპორტი, დაახლოებით, წელიწად-ნახევარია, რაც რეკორდულად იზრდება. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში ეტაპობრივად საკმაოდ მაღალი რიცხვები ჯდება. ასეთი სწრაფი ზრდა, ამ მოცულობის ექსპორტის ზრდა არ გვქონია. ეს ქვეყანაში ჩვენი ვალუტის გამყარების ტენდენციას პირდაპირ უწყობს ხელს.
ჩვენმა ექსპორტიორებმა ამ ომის პერიოდში რუსეთის და უკრაინის ბაზრები დაკარგეს, რაც ქართული პროდუქციის გასაღების ნაწილში ორივე მსხვილი ბაზარი იყო. განსაკუთრებით, რუსეთის ბაზარი. თუმცა, მათ სხვა ალტერნატიული ბაზრები აითვისეს, თანაც იმდენად სწრაფად, რომ ჩვენი ექსპორტის დინამიკა არათუ შემცირდა, არამედ რეკორდულად გაიზარდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი მწარმოებლები ქართულ პროდუქციას ისეთი სტანდარტით უშვებენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა არ გაუჭირდეთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს პროცესები ლარის კურსის გამყარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. იმედს ვიტოვებთ, რომ პროდუქციაზე ფასების ზრდის დინამიკაც შემცირდება და დასტაბილურდება, რაც დღეს დიდი გამოწვევაა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ანგურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).