ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰალილ ეთიემეზთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და განსაკუთრებული მეგობარი ქვეყანა, არის ქართული სახელმწიფოებრიობის სიძლიერის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი.
ჰალილ ეთიემეზის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ასევე, თანადგომას უცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას დასახული მიზნების მიღწევაში.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები არ შეფერხებულა და თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია.
მხარეებმა თურქეთი – აზერბაიჯანი – საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზეც ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული ფორმატი საშუალებას იძლევა, გაიზარდოს ორმხრივი თანამშრომლობა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით.
„სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი უნდა გამოვიყენოთ ისეთი რეგიონალური მეგა-პროექტის წარმატებით განხორციელებაში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი და აბრეშუმის გზა. ასევე, აუცილებლად მიმაჩნია ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით გავზარდოთ თანამშრომლობა და ამ მხრივაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენ თანამშრომლობის ეს ფორმატი“, – აღნიშნა ჰალილ ეთიემეზმა.
ბექა ოდიშარიამ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაში.
„ამ მოწვევის პარლამენტში, ჩემი თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად არჩევისას, თურქეთის ელჩმა, ქალბატონმა ფატმა ჯერენ იაზგანმა მოაწყო სპეციალური მიღება/შეხვედრა ასამდე თურქ ბიზნესმენთან, რომლებსაც მასშტაბური ინვესტიციები აქვთ განხორციელებული ქართულ ეკონომიკაში. დღესაც ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ მათ საზოგადოებრივ თუ ბიზნეს აქტივობებში. ძალიან დიდი მადლობა მათ დახმარებისათვის“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას თურქულ საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების დანერგვისა და, ასევე, ქართული კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობის გამო.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტრადიციული რელიგიების მშვიდობიანი თანაარსებობის როლზე კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით.
საუბრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ თურქი კოლეგა, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სტუმრად მოიწვია.