ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მოლოდინია, საქართველომ მიიღოს ის შედეგი, რასაც ვიმსახურებთ და რის საშუალებასაც გვაძლევს ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში ემსახურება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას და დროულია იმ ფონზე, როდესაც საქართველო ელოდება თვითშეფასების კითხვარის განხილვას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსაზრებით, საქართველოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ძალისხმევა და გატარებული რეფორმები სათანადოდ იქნება ასახული გადაწყვეტილებაში.

ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ევროპული საბჭოსა და ევროპული პარლამენტის პრეზიდენტებთან ძალიან დადებითი და დროული იყო.

„პრეზიდენტი შარლ მიშელი გულშემატკივრობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განვითარების სცენარებზე არ გვისაუბრია, ვინაიდან ეს ფართო განხილვის საგანია, თუმცა ჩვენი მოლოდინებია, რომ საქართველომ მიიღოს ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ, რომლის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი გვაძლევს. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის საუბარი, რომ სამი ასოცირებული ქვეყნის ერთიანობა, მათთვის წახალისების მიღება ევროპული ინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება შეხვედრას ევროპული პარლამენტის პრეზიდენტთან, ის იყო ძალიან საინტერესო და პოზიტიური. ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ღიად საუბრობს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც და აღინიშნა, რომ ევროპული პრიზმიდან ეს გამოწვევები კარგად დანახული და გაანალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები