ნიკოლოზ სამხარაძე: ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შემოსვლაზე ამბობდა უარს, ახლა გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შესვლაზე ამბობდა უარს, ახლა კი გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია.
მისივე თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია – პარლამენტში იმუშავებს თუ არა.
“ნებისმიერი პოლიტიკური პარტია თავისუფალია იმაში, რომ საპროტესტო აქცია ჩაატაროს. აქციები ჩაატარონ და პროტესტი გამოხატონ, მაგრამ თუ უკვე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდნენ, ეს სასაცილოა – ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. იცით, რომ ხალხს ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებენ და თავისი მხარდამჭერებიც დაღალეს ქუჩის აქციებით, სჯობს, პარლამენტში იარონ. განსაკუთრებით – ის ოპოზიცია, რომელიც ჯერ პარლამენტში შემოსვლაზე ამბობდა უარს, ახლა გასვლაზე ფიქრობს, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მოუმწიფებელია. ვიდრე ამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის და პარლამენტში მუშაობისთვის არ მომწიფდებიან, მანამდე, მათი მხრიდან პარლამენტის დატოვების საკითხი განხილვის თემა იქნება. ამაზე დიდად არ ვდარდობთ, რადგან მათი გადასაწყვეტია – პარლამენტში იმუშავებენ თუ არა. თუ არ იმუშავებენ, მათთვის უარესი იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.