საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს
საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა BOARDROOM საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტატია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსა და BOARDROOM-ის თანამშრომლობით მომზადდა. BOARDROOM –ის ჟურნალში დეტალურად აღწერილია ქვეყნის ტურისტული მიმართულება, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. BOARDROOM მკითხველს დეტალურად აცნობს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.
სტატიაში აღწერილია საქართველოში მდებარე ის სასტუმროები და საგამოფენო სივრცეები, სადაც დიდი ზომის კონფერენციების, შეხვედრების, კონგრესებისა და ფორუმების ჩატარებაა შესაძლებელი. „საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის მიჩნეული, ხოლო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა უსაფრთხოების კუთხით. ყოველწლიურად ქვეყანაში 17 საერთაშორისო ასოციაციის ღონისძიება ეწყობა, რომელსაც საშუალოდ 400- 500 დელეგატი ესწრება.
საქართველოში ტურიზმი ზრდას განაგრძობს და ქვეყანა უფრო მეტ ბიზნეს ღონისძიებას იზიდავს. 2019 წელს თბილისმა მსოფლიო გიდების ასოციაციების მე-18 საერთაშორისო კონგრესს (WFTGA) უმასპინძლა. ღონისძიებას 70 ქვეყნიდან 300 გიდი და დელეგატი ესწრებოდა. თბილისი ქვეყნის საკონვენციო ღონისძიებების ცენტრად არის მიჩნეული, მაგრამ კონფერენციების გასამართად ადგილის დამკვიდრებას სხვა ქალაქებიც იწყებენ, მაგალითად ბათუმში 2023 წელს „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
საერთაშორისო ღონისძიებებს სასტუმროები მასპინძლობენ, 2024 წლისთვის ბათუმში კიდევ 6 ახალი სასტუმრო გაიხსნება. ბათუმმა უკვე უმასპინძლა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას. ღონისძიებაში ევროკავშირისა და 6 პარტნიორი ქვეყნის ბიზნესმენები მონაწილეობდნენ“,- წერს BOARDROOM საქართველოს შესახებ.
საკონვენციო მიმართულების საერთაშორისო ჟურნალი და ონლაინ პლატფორმა BOARDROOM და აერთიანებს 100 000 მეტ ასოციაციას, საკონვენციო ბიუროს, ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას და ინდუსტრიის შესაბამის წარმომადგენლებს.