სეული მზად არის, ფხენიანს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გაუგზავნოს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი გამოვიდა წინადადებით, რომ, კორონავირუსის აფეთქების ფონზე, ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იყოს გაგზავნილი.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

”პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი გეგმავს, ჩრდილოეთ კორეელ ხალხს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და სხვა სამედიცინო საშუალებები მიაწოდოს. ვაპირებთ მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა ჩრდილოეთ კორეასთან განვიხილოთ”, – თქვა პრეზიდენტის სპიკერმა, კან ინ სონგმა.

აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დახმარების თხოვნა არ ყოფილა და ეს სეულის ინიციატივაა.

ჩრდილოეთ კორეაში 12 მაისს კორონავირუსით ინფიცირების 18 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსის პირველი შემთხვევები აპრილის ბოლოს აღირიცხა.

ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში”ლოკდაუნი” გამოაცხადა.

ამასთან, ცნობილია, რომ ქვეყანაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები