ლაშა ხუციშვილი და კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ბანკის მმართველი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონე, საქართველოს წარმომადგენელი ბანკის დირექტორთა საბჭოში კლარა კლორი, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
„შეხვედრა მაროკოში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.
მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური აღდგენის ტენდენციები, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.
აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს.
ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბანკი უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.