„ჩაკრულოს“ კოსმოსურ ხომალდზე გაგზავნიდან 45 წლის აღსანიშნავად, მურაზ მურვანიძის ქანდაკება კურორტ „ბიოლში“ განთავსდა

ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და ღირსების ორდენის კავალრის, მურაზ მურვანიძის მიერ შექმნილი ქანდაკება კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე განთავსდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ქანდაკება ეძღვნება 45 წლის წინ ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მიერ (სოლისტები – ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი) შესრულებული „ჩაკრულოს“ NASA-ს კოსმოსურ ხომალდზე გაგზავნას პროექტ „ვოიაჯერის“ ფარგლებში.
ქანდაკების გახსნის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, მხატვარ მურაზ მურვანიძეს, კურორტ „ბიოლს”, ღონისძიების ორგანიზატორს რამაზ ბლუაშვილს და პროექტის ყველა დონორს.
ღონისძიება მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდის „ნოვა“ ორგანიზებით ჩატარდა. ფონდ „ნოვას“ დამფუძნებელმა რამაზ ბლუაშვილმა 2009 წელს საქართველოში ჩამოიტანა და საზოგადოებას გააცნო ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ NASA-ს კოსმოსურ ხომალდზე გაგზავნის უნიკალური ისტორია. სწორედ ეს ისტორიული ფაქტი გახდა შთაგონების და ინსპირაციის წყარო მოქანდაკე მურაზ მურვანიძისთვის, რომელიც ქანდაკების შექმნის იდეას დაედო საფუძვლად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.
ქანდაკების გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო ამ უნიკალური პროექტის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც NASA-ს კოსმოსური ხომალდის „ვოიაჯერის“ პროექტის წარმომადგენლები და უშუალო მონაწილეები ქართული ხალხური მუსიკისა და მრავალხმიანობის უნიკალურობასა და მრავალფეროვნებაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები