ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის დანაშაული გენოციდად აღიარა

ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

ამის შესახებ ჩეხეთში უკრაინის ელჩმა, ევგენი პერებინისმა განაცხადა.

“ჩეხეთის სენატმა რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,” – დაწერა ელჩმა Twitter-ში.

ჩეხი სენატორების თქმით, რუსეთი უკრაინაში უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და საერთაშორისო კონვენციებს.

სენატმა დაგმო რუსეთის მიერ ჩადენილი მრავალი სამხედრო დანაშაული უკრაინის ქალაქებში, როგორებიცაა ბუჩა, ბოროდიანკა, ირპინი და მარიუპოლი, რაც მოწმობს ტერორს მოსახლეობის წინააღმდეგ, მასობრივ  სიკვდილით დასჯასა და ასობით ათასი ადამიანის დეპორტაციას.

სენატმა დაგმო კაცობრიობის წინააღმდეგ ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულები, რომლებსაც რუსეთი სისტემატურად და მასშტაბურად სჩადის და აცხადებს, რომ ისინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის გამოვლინებაა.

ცნობისთვის, 10 მაისს ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად, ხოლო რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ და განმახორციელებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

ასევე, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა განცხადება, რომელშიც აღიარებს რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ამ დანაშაულების გამოძიებას.

ანალოგიური განცხადება დაამტკიცა ლატვიის სეიმმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები