ეროვნულ არქივში გივი კიკვაძის გამოფენა გაიხსნა

ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „გივი კიკვაძე საქინფორმის არქივიდან” გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული არქივის „საქინფორმის” ფოტოკოლექცია გივი კიკვაძის ასეულობით ფოტოს ინახავს. მათგან საგამოფენოდ 1960-1980-იან წლებში გადაღებული სხვადასხვა შინაარსის 71 ექსპონატი შეირჩა. მათ შორისაა საზოგადო მოღვაწეების, მსახიობების, სპორტსმენებისა და სხვა ცნობილი პიროვნებების პორტრეტები, სხვადასხვა დღესასწაულის ფოტოქრონიკა, 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი მასალა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ,,საქინფორმის” ფოტოგრაფებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი 80-იანელთა ფოტოგრაფიის განვითარებას საქართველოში. გივი კიკვაძე ამ გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფია.

გივი კიკვაძე 1933 წელს დაიბადა. 50-იან წლებში კინოთეატრ „თბილისსა” და „ძერჟინსკის კლუბში” კინომექანიკოსად მუშაობდა. 1960-იანი წლებიდან ,,საქინფორმის” ფოტოკორესპოდენტი გახდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე, 1996 წლამდე, მუშაობდა. იყო ჟურნალისტთა კავშირის წევრი, მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში.

ფოტოგრაფიის განვითარებისა და პოლიტიკურ-სოციალური მატიანის შექმნისთვის, 2022 წლის ალექსანდრე როინაშვილის პრიზი გივი კიკვაძეს გადაეცა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები