შრი-ლანკაში არეულობისას 7 ადამიანი დაიღუპა – პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

შრი-ლანკაში არეულობას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 231 დაშავდა.

ამის შესახებ News First იტყობინება.

შრი-ლანკის დედაქალაქში არეულობა 9 მაისს დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის – “შრი-ლანკის სახალხო ფრონტის” რამდენიმე ათასი მხარდამჭერი ოპოზიციის კარვების ბანაკს თავს დაესხა და შემდგომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები დაარბიეს, რომლებიც ქვეყნის პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის რეზიდენციებთან აქციებს მართავდნენ.

პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, წესრიგის დაცვაში არმიის ქვედანაყოფები არიან ჩართული.

მიმდინარე მოვლენების ფონზე, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მაჰინდა რაჯაპაქსამ თანამდებობა დატოვა და შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტს გაუგზავნა.

უკვე დღეს გახდა ცნობილი, რომ შრი-ლანკის პრეზიდენტმა, გოტაბაია რაჯაპაქსამ ძმის, მაჰინდა რაჯაპაქსას გადადგომის შესახებ გაცხადება დააკმაყოფილა.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტის ყველა პოლიტიკურ პარტიას მინისტრთა კაბინეტის შესაქმნელად მოიწვევს.

შრი-ლანკაში პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისს მოჰყვა, რომლის მიზეზია უცხოური ვალუტის დეფიციტი, რაც, თავის მხრივ, პანდემიის გამო ტურისტული ნაკადის შემცირებას უკავშირდება. ქვეყანაში საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების, საწვავის და გაზის მწვავე დეფიციტია. შრი-ლანკაში ელექტროენერგიის გამორთვის ხშირი შემთხვევებია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები