ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებით პასუხს ივნისში მივიღებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხი ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან განიხილა და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით – ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ფორმალური – ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. უკრაინამ სპეციალური გამოკითხვის პასუხების მეორე ნაწილი წარადგინა, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობისკენ სწრაფვისათვის ყველა ქვეყანამ უნდა შეავსოს. ამას ჩვეულებრივ თვეები სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი რამდენიმე კვირის განმავლობაში გავაკეთეთ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ათასობით გვერდისგან შედგება.
დღეს ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილე. უკრაინელი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადე მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის, ჩვენი საჭიროებებისადმი ყურადღებისთვის განსაკუთრებით ახლა, ომის რთულ პერიოდში. ისინი შესანიშნავად აცნობიერებენ, რომ ეს არის ომი არა მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისთვის, არამედ ყველა ევროპელის თავისუფლებისთვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გაოცებულია სისწრაფით, რომლითაც ჩვენმა ჩინოსნებმა კითხვარი შეავსეს. მოხარული ვიყავი, მისგან გამეგო, რომ ჩვენი სისწრაფე უბიძგებს ევროკომისიას ასევე სწრაფი მოქმედებისკენ. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებით პასუხს ივნისში მივიღებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა.